პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების საკითხი დღევანდელ სხდომაზე არ განიხილება. ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ოხანაშვილმა უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან იოსელიანის შეკითხვას, რატომ არ შეუშვეს „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები პარლამენტში. მისივე თქმით, სასამართლოში უნდა განიხილონ პატიმრობის გამოყენება-არ გამოყენების საკითხი და იქ იპაექრონ.
„ჩვენ დღეს არ ვწყვეტთ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების საკითხს. ჩვენ დღეს ვწყვეტთ საკითხს, მიეცეს თუ არა უფლება პროკურატურას, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს მინდოდა, რომ მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ ამეხსნა და გამემახვილებინა ამაზე ყურადღება.
საზოგადოებას მივმართავ ამ შემთხვევაში და არა მხოლოდ კოლეგებს. შესაბამისად, ეს არ არის სასამართლო და სასამართლოზე მხარეებს სრული უფლება ექნებათ, იპაექრონ. იქ უნდა განიხილონ პატიმრობის გამოყენება-არ გამოყენების საკითხი. ჩვენ კონკრეტულ გარემოებაზე დაყრდნობით უნდა გადავწყვიტოთ თანხმობის მიცემა, შუამდგომლობა წარადგინოს პროკურატურამ. ამაზეა საუბარი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.