პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას მხარს არ დაუჭერს.
ელისაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ დიდი კეთილგანწყობით არაა განწყობილი, აი ნიკა მელიის პატიმრობის მომხრე არაა.
ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მზად არის, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად თავისი ხელფასი გადაურიცხოს.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას მხარს არ დავუჭერთ, იმიტომ, რომ არ არის სწორი, როგორც არ უნდა გულზე არ გეხატებოდეს, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისთვის იმუნიტეტის შეჩერება არ არის ნორმალური.
რაც შეეხება ნიკას – ამას წინათ ეთერით მე მომმართა და თქვა, რომ ერთხელ უკვე გადავიხადე გირაოო, ახლა კიდევ დამაკისრესო და ამდენი თანხა არ მაქვს, რომ მეორედ გადავიხადოო. 30 ათასი ლარი ზედმეტი არავის აქვს, მით უმეტეს მეც არ მაქვს, მაგრამ ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მზად ვარ, ჩემი ხელფასი გადავრიცხო. ეს 30 ათასი ლარი არ არის, სიმართლე ვთქვა, არც ვიცი, რამდენია. არა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა გულზე მეხატება. დღეს რასაც ვლაპარაკობთ და ყველანი ვლაპარაკობთ, რომ აბსურდული ბრალი აქვს წარდგენილი, ეს არის ნაციონალური მოძრაობის შექმნილი სისტემის შედეგი”. – თქვა ელისაშვილმა.
საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ. აღნიშნული შუამდგომლობით საკანონმდებლო ორგანოს პროკურატურამ მას შემდეგ მიმართა, როცა ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა.
პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის თაობაზე.