პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება.
,,ეს რა სამარცხვინო ამბავი მოვისმინე და ვნახე – ა ბატონო, კომუნისტი (ჩვენს წინააღმდეგ აფხაზეთში ნაომარი) გავრილოვი ,,ქართულ ოცნებას” მადლობას უხდის და უწონებს ნიკა მელიას წინააღმდეგ ,,სადამსჯელო პროცესს!” აი სამარცხვინო და სამწუხარო ფაქტი!
ჰოდა, ყველა ვინც ხელს მოაწერს ,,მელიას დაჭერას”, რომელიც ხალხთან ერთად კომუნისტი გავრილოვის ,,ჩასმას პარლამენტში” აპროტესტებდა, ამ აქტის მომხრე ყველა პარლამენტარი ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედია, ნუ მათ თავმოყვარეობაზე და ღირსებაზე ამ შემთხვევაში, ამ დროს არ ვსაუბრობთ ცხადია, რადგან, რაც არ არსებობს იმაზე ვერ ვისაუბრებთ!”, – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ნიკა მელია პროკურატურაშია დაბარებული. მისი გამოძახება გირაოს გადაუხდელობას უკავშირდება. როგორც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, ის გირაოს გადახდას არ აპირებს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.