“ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეს პოლიტიკური განზომილება თავად ხელისუფლებამ შესძინა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ხუხაშვილი წერს, რომ ამ საქმის ფიგურანტების ბედი ყველა ეტაპზე წყდებოდა პოლიტიკური მიზანშეწონილების მიხედვით და შესაბამისად, ახლა მართლმსაჯულებაზე საუბარი უკვე დაგვიანებულია.
“არის თუ არა მელიას საქმე პოლიტიკური? რა თქმა უნდა არის და მას პოლიტიკური განზომილება თავად ხელისუფლებამ შესძინა, რომელიც ახლა აპელირებს “ინსტიტუტების პატივისცემაზე”.
მე არ შევალ თავად ფაქტის განხილვაში.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ საქმის ფიგურანტების ბედი ყველა ეტაპზე წყდებოდა პოლიტიკური მიზანშეწონილების მიხედვით და შესაბამისად, ახლა მართლმსაჯულებაზე საუბარი უკვე დაგვიანებულია.
ჩვენ რომ რეალურ მართლმსაჯულებასთან გვქონოდა საქმე, განაჩენი დიდი ხნის გამოტანილი უნდა იყოს და დასასჯელი შესაბამისად დასჯილი, ან გამართლებული.
ხელისუფლება ახლაც კი არ აპირებს ამ საქმის დასრულებას და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად აქცია. შესაბამისად, არ უნდა უკვირდეს, რომ კონტრ-პოლიტიკურ დღის წესრიგს ეჯახება” – წერს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, ნიკა მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს. პარლამენტი კი დეპუტატის იმუნიტეტსი მოსახსნელად ემზადება.