ბათუმში ე.წ იაფი სახლის კორპუსებში სხვადასხვა სოციალურად დაუცველი მოქალაქეები შეიჭრნენ და ფართების გადაცემას ითხოვენ. მათი თქმით, შეექმნათ ფინანსური პრობლემები და საცხოვრებელში ქირის ფულს ვერ იხდიან. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ.
“არსად არ გვაქვს წასასვლელი. დაგვაკმაყოფილოს მთავრობა საცხოვრებელი ფართებით. აქ ძირითადად ეკომიგრანტები ვართ. ვითხოვთ, ფართებს” – აცხადებენ შენობაში შეჭრილი მოქალაქეები.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები, ბათუმის მერიის თანამშრომლები და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე მივიდა. როგორც რამაზ ჯინჭარაძემ აღნიშნა, თითოეულ ოჯახის საქმეს ინდივიდუალურად შეისწავლიან, თუმცა უკანონოდ შენობების დაკავება არ უნდა ხდებოდეს.
“უკანონო და ასეთი შეჭრები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ვისაც სახელმწიფოსგან დახმარება ეკუთვნის, უყურადღებოდ არცერთი არ უნდა დარჩეს. აქ სოციალური კუთხით პრობლემა იყო, რომელსაც ამ სიტუაციაში ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ რაც შეეხება ამ შენობას,, აქ გაჩერება არ შეიძლება, რადგან უკანონობაა. თითოეული ოთახს თავისი ბენეფიციარი ჰყავს, რომელიც კანონის ფარგლებში უნდა შემოვიდეს და დაკმაყოფილდეს. „კომენდანტის საათი“ დაიწყო, თუმცა მათ საცხოვრებელ სახლებში, საიდანც აქ მოვიდნენ უკან დავაბრუნებთ, მაგრამ ყველა ოჯახს ინდივიდუალურად ქალაქის მერიაში და ჯანდაცვის სამინისტროში შევისწავლით”,- განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ