ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში მომღერალ ზურა დოიჯაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც თან ფოტოსურათს ურთავს.
“მეტრონომი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ზურა წავიდა…
როცა ჩემი 18 წლის ძმა აფხაზეთიდან ჩამოასვენეს სახლში, უამრავი ადამიანი ტრიალებდა. ადგილი არ იყო იმ დღეებში ჩვენთან. გადაჭედილი იყო ყველაფერი… მე არც კი გამოვდიოდი ოთახიდან ისე ვიყავი გათიშული. მაპატიებს ყველა, მაგრამ არავინ მახსოვს ვინ მოდიოდა და ვინ მიდიოდა. უბრალოდ ვიცი, რომ ყველანი იყავით ნაცნობი თუ უცნობი და ყველასი სიკვდილამდე მადლობელი ვარ და ვიქნები… და მახსოვს მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი მთელი ამ პერიოდიდან. ერთ-ერთია მათ შორის ზურა დოიჯაშვილის ამბავი…
მახსოვს, შემთხვევით გავიხედე იქით მხარეს და დავინახე ზურა იდგა სრულიად მარტო და ცრემლები მოსდიოდა… ჩუმად ტიროდა, ისე რომ არავის დაენახა… ჩემზე ისე იმოქმედა ამ სურათმა, რომ ცხოვრებაში აღარასდროს დამავიწყდა. ზურა ჩემთვის სამუდამოდ იმ ნამდვილი ცრემლის ბიჭად დარჩა, ჩუმად რომ გააყოლა ჩემს გიორგის.
არასდროს მითქვამს მისთვის ეს- ახლა ვამბობ პირველად, როცა მე თვითონ ვერ ვახერხებ ასევე ჩუმად გავაცილო ყველასთვის საყვარელი ადამიანი… ასეთი იყო ზურა…“, – წერს ჟურნალისტი.
მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი დღეს გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, მომღერალი ბინის დაკარგვის გამო, საქართველოდან ოჯახთან ერთად ისრაელში ემიგრაციაში წავიდა. ბოლო თვეების განმავლობაში ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.