“მნიშვნელობა არ აქვს, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა, ელენე ხოშტარია დღეს განაცხადა.
მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებული პროცესი პოლიტიკურია.
„ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს, ცალსახად, ნიკა მელია და ოპოზიცია არიან გამარჯვებული, მორალურად გამართული, პოლიტიკურად გამბედავი და იდეისთვის მებრძოლი. „ქართული ოცნება“, რომელიც ინსტრუქციების შედეგად აპირებს, მეორედ შეუწყვიტოს იმუნიტეტი ნიკა მელიას, არის აბსოლუტურად კუთხეში მიმწყვდეული, დარცხვენილი და კიდევ ერთხელ აღრმავებს კრიზისს. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 12 თებერვალს პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას სასამართლოსგან დაკისრებული გორაოს თანხის გადახდის ვადა ამოეწურა, პროკურატურამ პარლამენტს იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მომავალ კვირას უნდა იმსჯელოს.
პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის თაობაზე.
უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს.