შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ქობულეთის მუნიციპალიტეტ, ქაქუთში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის საქმეს ეხმიანება.
როგორც გომელაურმა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ პიროვნებასთან დაკავშირებით განაცხადა, ის სამოქალაქო სექტორის პრეტენზიას, რომ უწყებამ არასათანადოდ იმუშავა არ ეთანხმება.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ არსებობს რაიმე პრეტენზია, დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, საჩივარი შეიტანოს.
“მივუსამძიმრებ ოჯახს, ძალიან მძიმე ფაქტია. ვისი საკითხი დადგება – არ დადგება, ამ თემაზე მე ვიტყოდი, რომ ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება და შესაძლებლობა – საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები დაკითხვები. ვისი საკითხი დადგება და არ დადგება, კითხვას ასეთ ინტერპრეტაციას ნუ უკეთებთ, თუ ვინმეს აქვს რაიმე პრეტენზია, ეს იქნება ოჯახი, თუ სხვა ადამიანი, შეიტანონ საჩივარი და ნახონ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და როგორ გაკეთდა,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.