“დღეს, როცა ვაქცინაციის პროცესი უნდა დაიწყოს ქვეყანაში, რაც ერთ-ერთი მთავარი პროცესია, სინოდის განჩინებას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა”, – ამის შესახებ დავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა.
ამირან გამყრელიძემ აღნიშნული ტელეკომპანის ეთერის საშუალებით საქართველოს საპატრიარქოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს უმაღლეს საეკლესიო კრებას, წმინდა სინოდს, მის ყველა წევრს, რომ გაგებით ეკიდებიან იმ საშიშროებას, რაც დგას პანდემიიდან გამომდინარე მოსახლეობის ჯანმრთელობის წინაშე, ისევე, როგორც გაზაფხულზე გვერდში ამოუდგნენ ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, რომ გაზაფხულის ტალღა გამოვიარეთ შედარებით უფრო ნაკლები დაზიანებით.
დღეს, როცა ვაქცინაციის პროცესი უნდა დაიწყოს ქვეყანაში, რაც ერთ-ერთი მთავარი პროცესია, სინოდის განჩინებას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ძალიან ახლო თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს ეკლესიასთან, სასულიერო პირებთან. ურთიერთგაგება ძალიან მაღალია. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა იზიარებს, რომ პანდემიის დამთავრების გზა გადის ვაქცინაციაზე და გასაგებია, რომ ვაქცინაცია უნდა ჩაატაროს სამედიცინო პერსონალმა, სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობა სწორი ინფორმაციიის მიტანაში არის განსაკუთრებული. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესია, როგორც ყველაზე დიდი პატივსაცემი ინსტიტუცია ქვეყანაში, რომლისაც სჯერა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, ძალიან დიდ როლს ითამაშებს წელს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში, რასაც ჰქვია პანდემიის დამარცხების ბოლომდე მიყვანა“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ წმინდა სინოდის სხდომაზე ვაქცინაციის საკითხზე იმსჯელეს. როგორც განჩინებაშია ნათქვამი, – “ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.”