თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით კარგი სიახლეები აქვს, თუმცა არ სურს მოვლენებს გაუსწროს.
როგორც ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, მმართველმა გუნდმა პირადი მოლაპარაკებების გზით მიაღწიეს იმას, რომ თებერვალ-მარტში 150 ათასი დოზა ვაქცინა საქართველოში შემოვა, რაც ცერცვაძის თქმით, ძალიან კარგი ნაბიჯია გადადგმული კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით კარგი სიახლეებია, თებერვლის ბოლომდე შემოვა ის 30 000 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც შეპირებული იყო და რომლითაც აიცრებიან პირველ რიგში ჯანდაცვის მუშაკები – ეს მთელ მსოფლიოში ასეა. ამის გარდა, დაახლოებით 200 000 შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „კოვაქს“ პლატფორმით – ეს უკვე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. აიცრებიან რისკის ჯგუფების წარმომადგენლები და დარჩენილი ჯანდაცვის მუშაკები.
არაოფიციალური ინფორმაცია მაქვს, თუ ნახევრად ოფიციალური – ამის გარდა, ჩვენმა მთავრობამ და შესაბამისმა ორგანოებმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომ პირადი მოლაპარაკების გზით მიაღწიეს იმას, რომ 150 ათასი დოზა კიდევ შემოვა ახლა, თებერვალ-მარტში საქართველოში. ეს უკვე სერიოზულია, ძალიან კარგია პირველი ნაბიჯებისთვის, პირველი საფეხურისთვის.
შევძლებთ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის ვაქცინაციას და თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაქცინის გარეშე შევძელით ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება, ეს პროცესი წაეხმარება. ვფიქრობთ, რომ ყველაზე ცუდი პერიოდი საქართველოსთვის წარსულს ჩაბარდა.
მე ვთქვი გარანტირებული ვაქცინები, რათა მერე ვიღაცას იმედგაცრუება არ დაეუფლოს, ხოლო სავარაუდო გაცილებით მეტია, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკება და არა მარტო „ასტრაზენეკასთან“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ჯერ არცერთი წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ შემოსულა. მთავრობის ადმისნიტრაციის ცნობით კი თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს. მარტის დასაწყისში კი, AstraZeneca-ს 180 000-300 000 დოზას.