“რაც შეეხება 9-ბალიან მიწისძვრას, რომან გოცირიძეს უყვარს ხატოვნად ლაპარაკი, რა ვუპასუხო ახლა მე? არ იქნება მიწისძვრა,” – ასე გამოეხმაურა “ღამის კურიერში” პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი “ნაცმოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებას.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნულ თემაზე საუბრისას აღნიშნა,ნიკა მელიას დაპატიმრება-არდაპატიმრების საკითხი არა პარლამენტზე, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
“საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ ვითომ პარლამენტის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, ჩაჯდება თუ არა ციხეში მელია და ამ თემაზე უნდათ რაღაც სენტიმენტების მოგროვება საზოგადოებაში, ეს არის რეალობა. არა და, პარლამენტი მაშინაც, როდესაც პირველ შემთხვევაში სასამართლოს გადასცემდა ამ საკითხს, სამშაბათსაც ვალდებულია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებსაც არ ცნობს უდუმაშვილი, მაგრამ არსებობს და წარმოიდგინეთ საკმაოდ კარგი შეფასებებიც აქვს საერთაშორისო რეიტინგში, უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ განიხილოს ეს თემა.
რაც შეეხება 9 ბალიან მიწისძვრას, რომან გოცირიძეს უყვარს ხატოვნად ლაპარაკი, რა ვუპასუხო ახლა მე? არ იქნება მიწისძვრა. პარლამენტი ვალდებულია შეასრულოს თავისი მოვალეობა და მისცეს სასამართლოს საკითხის განხილვის საშუალება. ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი პოზიციით გამოვალთ სამშაბათს,” – აცხადებს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, თუ ხელისუფლება ნიკა მელიას სადეპუტატაო უფლებამოსილებას გაუუქმებს, ოპოზიციის წევრები სხვადასხვა მექანიზმის დახმარებით საჭირო პროცედურებს დაიწყებენ.