ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“რა სიმწარე გადაიტანა, როგორი დამცირებული იყო, დახმარებას ითხოვდა და ასე გაწირეს” – ჟურნალისტი გარდაცვლილ მოზარდზე

10 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარს ჟურნალისტი სალომე ასათიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„განწირულმა, დაჩაგრულმა და ძალადობის მსხვერპლმა მოზარდმა ბოლოს თავი უნდა მოიკლას, რომ ვინმემ ყური შეიბერტყოს მის ტრაგედიაზე. როგორც ლუკა სირაძის ამბავზე გვარწმუნებდნენ, ბიჭს დაკითხვებზე თმის ღერი არ ჩამოვარდნიაო – და მისი სიკვდილის ამბის გავრცელებიდან უცებ ხუთ წუთში დააკავეს გამომძიებელი, ამ ტრაგიკული პატარა გოგოს უბედურებაზეც იგივე მოხდა. სანამ თვითმკვლელობამდე არ მივიდა, არავინ დაიცვა. მხოლოდ მისი სიკვდილის მერე დააკავეს ის კაცი. სახელმწიფო, რომელიც ასე სასტიკად გულგრილია ყველაზე დაუცველი პატარა ადამიანების მიმართ, სახელმწიფო არ არის.

რა სიმწარე გადაიტანა ობოლმა და გაჭირვებაში გაზრდილმა გოგომ, როგორ ტკიოდა და როგორი დამცირებული იყო, დახმარებას ითხოვდა და მაინც ასე გაწირეს. და მართლა ტრაგედიაა, როცა ქვეყანაში აი ასეთი მახინჯი მართლმსაჯულების სისტემაა და ამ დროს მთელი პოლიტიკური „სპექტრი“ არაადეკვატურობის პიკზეა. პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე და ცალკეული პოლიტიკოსების ეგოების დევნაზე კი არა, აი ამაზე უნდა იქცეოდეს ქვეყანა სიბრაზით. რამდენი ასეთი განწირული თინეიჯერია ახლაც, ჩვენს გვერდით, სრულ სასოწარკვეთაში, ვინ იცის”.- წერს სალომე ასათიანი.

ცნობისათვის, 14 წლის გოგონამ ქობულეთში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ, ახლობლებისთვის ცნობილი გახდა 23 წლის მამაკაცთან სქესობრივი კავშირის შესახებ. მამაკაცი ნ.ტ. პოლიციამ 10 თებერვალს  დააკავა. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც 16 წლის ასაკის მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს.

იტვირთბა....