უკრაინიდან დაბრუნებული ზაალ ლატარია ისევ დაკავებულია, მას, ჩაუდეს “პლანი”
შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი, გოგი თათუხაშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისესთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ინფორმციას ავრცელებს, რომ ზაალ ლატარია, რომელიც საქართველოში ოჯახის მოსნახულებლად დაბრუნდა, უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა და რომ მას მარიხუანა ჩაუდეს.
“SOS! – ჯარისკაცობიდან შინაგან ჯარელი, ჩემთან და ჩემს შვილებთან ნაომარი, შალვას მეგობარი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ყველა ომის მონაწილე, დღესდღეობით იბრძოდა იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება-უკრაინაში”. – აცხადებს თათუხაშვილი.
მისი თქმით, მშობლების მოსანახულებლად ზუგდიდში ჩასული ზაალ ლატარია დაიბარეს ზუგდიდის უშიშროებაში. სადაც უთხრეს, რომ სასწრაფოდ დაეტოვებია ქვეყანა. მოგვიანებით კი პოლიციელები დახვდნენ და დააკავეს.
“21-დან 22.00 საათამდე მოდულის შენობასთან იმყოფებოდა ზაალის ცოლ-შვილი. მათ იქ არავინ დახვდა. ჩემს პოსტზე კომენტარებიდან და პირადში მიმოწერიდან კი ისე ჩანდა, რომ ადვოკატი, ჟურნალისტები და გულშემატკივრები იქ იყვნენ.
ძალიან არ მინდოდა მსგავსი ღალატი ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ენახათ. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ცოტა ადრე ვნახეთ, ზაალის შვილმა – დღეს !
მთელ საქართველოს მივმართე-მებრძოლებს, პოლიტიკოსებს, პატრიოტებს, რომ უკანონოდაა დაკავებული საქართველოს ჯარისკაცი, გმირი დასჭირდება ჩვენი თანადგომა, რა გამოვიდა ? გამოვიდა ის, რომ ზაალ ლატარია ისევ დაკავებულია, მას, ჩაუდეს “პლანი”, არ ჰყავს ადვოკატი, არ შეუდგინეს ოქმი და სხვა უამრავი კანონდარღვევები.
“ხვალ დილიდან აუცილებელია მოეწყოს აქცია მოდულის შენობასთან. ყველას, ვისაც თავისი სინდის-ნამუსი არ გაუყიდია, გთხოვთ, მიხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია! თითოეულ ვეტერანს გთხოვთ და გიბრძანებთ, დაუდგეთ გვერდით ზაალ ლატარიას, თუ არა იცოდეთ, ზეგ თქვენ მოგადგებიან! მივმართავ პოლიტიკურ პარტიებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მყოფ ჩემს თანამებრძოლებს, თუ თქვენი ორგანიზაციები ამ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებენ, მიატოვეთ და გაერთიანდით მოდულის წინ და იქვე აირჩიეთ ხელმძღვანელი, რომელმაც იცის მებრძოლის ფასი და შეუძლია თქვას სათქმელი.
თათუხაშვილს თქმით, მან ჯარისკაცები არაერთხელ გააფრთხილა, თავი შეეკავებიათ საქართველოში ჩასვლისაგან, რადგანაც საქართველოს მართავს პრორუსი ხელისუფლება.
ღამის საათებში მოდულის შენობასთან მივიდნენ ადვოკატი რომეო საჯაია და “თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” ლიდერი ანი ნადარეიშვილი, მეგობრებთან ერთად. რომეო საჯაიამ დაკავებული მოინახულა და განაცხადა, რომ ის თავს კარგად გრძნობს და ამტკიცებს, რომ მარიხუანა ჩაუდეს. ანი ნადარეიშვილის თქმით, დარღვეულია პროცედურა, არ არსებობს დაკავების ოქმი და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.