ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე არ ვცდილობ ხელისუფლების პროვოცირებას, მე ვცდილობ გავწყვიტო უკანონობის, დაშინების, მანიპულაციების, პოლიტიკური დევნის ჯაჭვი” – ნიკა მელია

“ნაციონალირი მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია სოციალური ქსელის საშუალებით გირაოს გადახდასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს.

“მეტრონომი” “ნაცმოძრაობის” ლიდერის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სწორად იყოთ ინფორმირებული იმ პროცესების შესახებ, რაც ჩემი, როგორც ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის თამჯდომარის ირგვლივ მიმდინარეობს და გაგიზიაროთ ის არგუმენტები, რაც ცხადად ადასტურებს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია ინსტრუმენტად გამოიყენება ჩემი პოლიტიკური პროცესებისაგან ჩამოშორების მიზნით

მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ოკუპანტი ქვეყნის გამორჩეულად აგრესიული წარმომადგენლის,- სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში პატივით მიღებას, ქართველი ხალხის უზარმაზარი პროტესტი მოჰყვა, ხელისუფლებამ კი ნაცვლად იმისა, რომ შეესმინა შეურაცხყოფილი ქართველი ხალხის ხმა, პროვოკაცია მოაწყო და თავისივე მოქალაქეებზე სასტიკად იძალადა.

მისი დანაშაულებრივი ქმედებების გადაფარვის მიზნით კი, როგორც სხვა კრიზისების დროსაც სჩვევია, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მორიგი ილუზორული საქმე შეთხზა და მტკიცებულებების არ არსებობის მიუხედავად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით ჩემს მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო.

სამწუხაროდ დღეს საქართველოში ყველა ინსტიტუცია პოლიტიკურ კონიუქტურას ექვემდებარება. შესაბამისად, ჩემს მიმართ წარმოებულ უკანონო პროცესში ორკესტრირებულად ჩაერთო საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება.

ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი პარტნიორების ძალისხმევით, ქართული ოცნება ბოლო მომენტში იძულებული გახდა უარი ეთქვა ჩემს დაპატიმრებაზე, თუმცა კანონისა და კონსტიტუციის სრული უგულვებელყოფა კვლავ გაგრძელდა და ჩემი პოლიტიკური პროცესებისაგან ჩამოსაშორებლად, აქამდე არარსებული სამართლებრივი პრეცედენტები შეიქმნა.

პირველად სწორედ ჩემს საქმეზე მოხდა გირაოს პარალელურად, აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში, დამატებითი შეზღუდვის სახით ელექტრონული მონიტორინგის გამოყენება. მაშინ, როდესაც ის საქართველოს კანონმდებლობით, მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, სასჯელის სახით შინაპატიმრობის დროს გამოიყენება.

მე ვარ პირველი ბრალდებული, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში შეეზღუდა საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლა. ამომრჩევლებთან შეხვედრა, თან მაშინ, როდესაც მე ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მოქმედი წევრი ვიყავი.

ქართულ სასამართლო პრაქტიკის ისტორიაში პირველად, უკვე გადახდილი გირაოს შემდეგ, პროკურატურის მოთხოვნით, დამატებით კიდევ გირაოს გადახდა დამეკისრა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მიმართ ე.წ „გავრილოვის “ საქმეზე შეფარდებული გირაო სრულიად უკანონოდ მიმაჩნდა, პატივი ვეცი სახელმწიფო ინსტიტუტებს და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გირაო 30.000 ლარის ოდენობით ერთხელ უკვე გადავიხადე.

თუმცა, როდემდე შეიძლება გავყვე პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახებ გადაწყვეტილებებს, რომელიც მთლლიანად გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან?

ამიტომ თავიდანვე განვაცხადე, რომ განმეორებით დაკისრებულ გირაოს აღარ გადავიხდიდი, რადგან არსად მივმალულვარ და ისედაც ვასრულებდი იმ მიზნებს, რა მიზნითაც ზოგადად გირაო გამოიყენება.
თუ ბრალდების მხარეს ჰქონდა მტკიცებულებები, რომ მე დავარღვიე აღკვეთის ღონისიების მოთხოვნები, მოქმედი კანონმდებლობით, უკვე გადახდილი გირაოს ფონზე, კვლავ გირაოს გადახდა კი არ უნდა მოეთხოვათ, არამედ სასამართლოსათვის ჩემი დაპატიმრების მოთხოვნით შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარედგინათ, რაც ცხადია, ბუნებაში არ არსებობდა, რადგან იცოდნენ, რომ სამაჯური, რომელიც პროტესტის ნიშნად საჯაროდ მოვიხსენი, უკანონოდ მქონდა შებმული და ეს არგუმენტი საერთაშორისო პარტნიორების თვალში ჩემი დაპატიმრების არგუმენტად ვერ გამოადგებოდათ.

სწორედ ამიტომ, ახლებურად განმარტეს კანონი და პირველი ადამიანი ვარ ვისაც ერთსა და იმავე საქმეზე უკვე მეორედ მთხოვენ გირაოს გადახდას.

თავადაც კარგად იცოდნენ, რომ ხელმეორედ დაკისრებული გირაო უკანონო იყო, ამიტომ არც კანონით სავალდებულო გირაოს განმარტების წერილობითი ოქმი გაუფორმებიათ ჩემთან და იმის მიუხედავად, რომ მისი გადახდის ვადა ჯერ კიდევ 2020 წლის 23 დეკემბერს გავიდა, რეაგირება არ მოუხდენიათ.
თუმცა მას შემდეგ, რაც მე ამირჩიეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარედ, დავიწყე ძირეული რეფორმების განხორციელება და წარვადგინე განახლებული ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა, დასავლური ღირებულებების მქონე გუნდი, კვლავ დღის წესრიგში დადგა ჩემი პოლიტიკური აქტიურობის განეიტრალება და ნაციონალური მოძრაობის გაძლიერების პროცესის შეჩერება.

სწორედ ამიტომ პროკურატურამ ისევ მიიღო პოლიტიკური დავალება და უკანონოდ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში დაპატიმრებით მემუქრება.

შეუძლებელია მე არ ვიყო სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისმცემელი და ცხადია, მე ვაცნობიერებ ჩემს სტატუსს, პატივს ვცემ კანონს და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება განუხრელად ვიცავ მათ, მაგრამ ქვეყნისათვის ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში მე არ მაქვს უფლება სისუსტე გამოვიჩინო და დავემორჩილო უკანონობას თუნდაც პატიმრობის მუქარის ფონზე, რადგან ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის, მომავალი თაობების, ჩემი პატარა შვილის წინაშე, რომელმაც მინდა, რომ სამართლიან, დემოკრატიულ, ევროპული ტიპის ქვეყანაში იცხოვროს.

ქვეყანაში, სადაც პატივს სცემენ კანონებს და მას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების წინააღმდეგ იარაღად არ იყენებენ, ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებისთვისაც მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ქვეყანაში სადაც არსებობს სამართლიანი სასამართლო და სახელმწიფო ისნტიტუტები არ გამოიყენება ინსტრუმენტად პოლიტიკური ხელისუფლების ხელში.

ჩემი ცხოვრების მთავარ ამოცანად სწორედ ამ მიზნის მიღწევა მაქვს დასახული. ამიტომ პატივს ვცემ კანონებს, მაგრამ უარს ვაცხადებ დავემორჩილო უკანონობას.

თუნდაც ეს თავისუფლების დაკარგვის ფასად დამიჯდეს, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩემი ბრძოლა არის ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაღებული მსხვერპლი.

იმისთვის, რომ არასოდეს, არცერთ ხელისუფლებას აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაგროს და დევნოს მისთვის მიუღებელი ადამიანები. რომ აღარასოდეს ამ ქვეყანაში ადამიანებს აღარ ართმევდნენ არჩევნებს. რომ სამართლიან ბრძოლაში დამარცხებულები ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ და ერთიანი ძალისხმევით აგრძელებდნენ ბრძოლას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

მე არ ვცდილობ ხელისუფლების პროვოცირებას, მე ვცდილობ გავწყვიტო უკანონობის, დაშინების, მანიპულაციების, პოლიტიკური დევნის ის ჯაჭვი, რომელითაც ქართული ხელისუფლება პირველ რიგში აზარალებს ქართულ სახელმწიფოს, აბრუნებს რუსულ ორბიტაზე, აფერხებს ქვეყნის განვითარებას დაუკარგავს ევროპული ინტეგრაციის შანს, მაშინ როდესაც ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის დეკლარირებულ მიზანს წარმოადგენს.

სამწუხაროდ, საქართველოში დღეს არსებული ხელისუფლების თვალსაწიერიდან საქართველოს მოსახლეობა დაყოფილია მათ მომხრეებად და პოტენციურ ბრალდებულებად. მე ამ ბრალდებულათაგან მხოლოდ ერთ-ერთი ვარ, რომელთა გათავისუფლების სანაცვლოდაც ქართული ოცნების ხელისუფლება ხშირად ვაჭრობს და ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გასახანგრძლივებლად იყენებს. ასე გაგრძელება შეუძლებელია.

ეს უკანონობა უნდა დასრულდეს, რადგან მთავრობის ეს რევანშისტური პოლიტიკა არღვევს ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტს და ქვეყანას უკარგავს რეალურ შანსს, თავი დააღწიოს საბჭოურ მენტალიტეტს და ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული ნაწილი გახდეს.” – წერს ნიკა მელია.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სწორად იყოთ ინფორმირებული იმ პროცესების შესახებ, რაც ჩემი, როგორც ქვეყნის მთავარი ოპოზიციური…

Posted by Nika Melia on პარასკევი, 12 თებერვალი, 2021

 

იტვირთბა....