10 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 14 წლის მოზარდი გოგონა საკუთარი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში პოლიციამ დააკავა 24 წლის კაცი, რომელსაც ბრალი ედება არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კონტაქტის დამყარებაში.
ნინი რვა წლის იყო, როცა უკვე არცერთი მშობელი არ ჰყავდა. მამა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა – ოჯახის ახლობელი ყვება, რომ რკინის ჯვარი აჰქონდა მთაზე ეკლესიაში, რა დროსაც მეხი დაეცა და ადგილზე დაიღუპა. ქმრის გარდაცვალებიდან მალევე დედამ სამი შვილი ხანდაზმულ დედამთილს და მამამთილს დაუტოვა და თურქეთში სამუშაოდ წავიდა.
ბავშვები, ნინი და მისი უფროსი და-ძმა, ბებია-ბაბუას გაზრდილები არიან. რამდენიმე წლის წინ ბებიას ინსულტი დაემართა. ლოგინად ჩავარდნილ ქალს ბავშვები უვლიდნენ. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მათზე ზრუნვა მთლიანად ბაბუას საქმე გახდა. მოგვიანებით, როცა ნინის უფროსი და სრულწლოვანი გახდა, ნინის ოფიციალურ მეურვედ სწორედ ის დანიშნეს. და, რომელიც ამ წლების განმავლობაში ფაქტობრივად დედის მაგივრობას უწევდა ბავშვს, ზაფხულში დაოჯახდა და მშობლიური სახლიდან წავიდა, რაც ნინისთვის, სავარაუდოდ, ასევე რთული გადასატანი იყო.
ახლობელი ჰყვება, რომ როცა მამა ცოცხალი იყო, ოჯახს ფინანსურად არ უჭირდა. მამას თავისი პატარა საქმე ჰქონდა – გადაზიდვებზე მუშაობდა და შემოსავალიც ნორმალური ჰქონდა. ამ ოჯახს ღარიბი არც ახლა ეთქმის – გამართული კარ-მიდამო აქვთ, არც საჭმელ-სასმელის პრობლემა ჰქონიათ. ბაბუა სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებს ამუშავებდა, ბავშვებს მარჩენალდაკარგულთა დახმარებაც ეძლეოდათ, ნათესავებიც ეხმარებოდნენ. მასწავებელთა შეფასებით, ნინი ყოველთვის მოწესრიგებული და ზრდილობიანი ბავშვი იყო, რომელსაც არასოდეს არავისთვის შეუქმნია პრობლემა.
ოჯახის ახლობელი ყვება, რომ ნინი იყო „მორიდებული ბავშვი, რომელიც ცდილობდა არავისთვის ეწყენინებინა“.
„თითქოს საკუთარ ასაკზე მეტის იყო ყოველთვის. გარეგნობაც ასეთი ჰქონდა, დიდ გოგოს ჰგავდა, ადრე გაიზარდა. ეზოში მოხტუნევეს ვერ ვიხსენებ. სულ რაღაცას აკეთებდა სახლში, სახლის საქმეებს“.
ნინის დღიური
ნინის სიკვდილამდე ჰქონდა პირადი დღიური, სადაც ის ჩანაწერებს აკეთებდა.
„მისი ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერია ასეთია: „სიმართლე მაინც ვერ დავამტკიცე“. ფაქტია, რომ ბავშვი მოლოდინში იყო, რომ დასჯიდნენ იმას, ვინც ასე მოექცა,“ – ამბობს ოჯახის ახლობელი.
მისი თქმით, ნინის ბლოკნოტი ახლა პოლიციას აქვს.
ექსპერიზის პასუხი და ბოლო ვიზიტი პოლიციაში
სამედიცინო ექსპერტიზის პასუხებმა რომ ძალიან დაიგვიანა, ამას ყველა სატელევიზიო ინტერვიუში იმეორებს გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა.
„თბილისიდან არ ჩამოვიდა ექპერტის ცნობა მალე. ერთი ცნობა ჩამოვიდა, მეორე არა. გამომძიებელს დავურეკე, თვითონ ბავშვმა ამიკრიფა ნომერი და გამომძიებელს ველაპარაკე. ვკითხე, ცნობა ჩამოვიდა? არაო… გოგომ მითხრა, ბაბუ რა იქნა, ამდენი ხანი მოსკოვიდან ჩამოვიდოდაო…წავედი სამსახურში დილას და საღამოს აგერ ჩამოკიდული დამხვდა,“- უყვება იგი „რადიო თავისუფლებას“.
JAMnews-ის ინფორმაციით, ექსპერტიზის პასუხები ქობულეთში გასულ კვირას ჩავიდა, თითქმის ორი თვის თავზე. ნინის ოჯახს ამის შესახებ, სავარაუდოდ, 3 თებერვალს შეატყობინეს და ნინი დამატებით გამოკითხვაზე დაიბარეს.
ეს იყო ნინი ბოლო ვიზიტი პოლიციაში. ის სოციალურ აგენტის თანდასწრებით გამოკითხეს და მალევე გაუშვეს.
„იქ იყო მითითებული, რომ არის დაზიანება მარჯვენა ფეხზე. სისხლჩაქცევა მცირედი. რადგან ეს დაფიქსირდა, ნინი დაიბარეს დასაზუსტებლად თუ რას უკავშირდებოდა ეს სისხლჩაქცევა. ნინიმ თქვა, რომ საწოლს მიარტყა ფეხი და ეს ძალადობის საქმეს არ უკავშირდებოდა“.
გარდა ამისა, ექსპერტიზა ადასტურებდა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი სქესობრივ კონტაქტს, თუმცა ვინაიდა ექსპერტიზა შემთხვევიდან რამდენიმე კვირაში ჩატარდა, ის ვერ ადგენდა, ეს იყო თუ არა შეღწევის პირველი შემთხვევა.
„როგორც ვიცი, ბიჭის მხარე იმასაც ამბობდა, რომ ის არ ყოფილა ნინის პირველი და ერადერთი სექსუალური პარტნიორი… შეიძლება ეს ხმებიც მივიდა ბავშვამდე. ასევე ნინის ალბათ სხვა მოლოდინი ჰქონდა ექსპერტიზისგანაც. ალბათ ფიქრობდა, რომ როგორც კი ექსპერტიზის პასუხი იქნებოდა, ბიჭს ეგრევე დააკავებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. იქ დარჩა კიდევ კითხვები, ასეთი ამბის დამტკიცება ხომ არ არის ადვილი. როგორ უნდა დაამტკიცო? ნინის ის ფაქტი აწვალებდა, რომ ყველას მასში ეჭვი ეპარებოდა მაინც და რომ სიმართლე ცალსახა არ იყო ყველასთვის“.
ოჯახის ახლობელი იმასაც ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც ნინის ოჯახმა პოლიციაში განაცხადა, ბიჭის მშობლები ეკონტაქტებოდნენ მის ბაბუას და ნათესავებს და არწმუნებდნენ, რომ საჩივარი გაეტანათ.
„ნიშნობას სთავაზობდნენ. დაგნიშნავთ და სრულწლოვანები რომ გახდებით, დაქორწინდებითო. ნინის სანათესაო ორად იყო გაყოფილი, ბაბუა არ იყო წინააღმდეგი ნინის თუ უნდოდა, რო იმ ბიჭს გაყოლოდა. ბიძას არ უნდოდა. თვითონ ნინიც წინააღმდეგი იყო“.
სოციალურმა სამსახურმა ნინის ფსიქოლოგთან სიარული შესთავაზა, რაზეც გოგონა არ დათანხმდა და თქვა, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდა.
ნინის ოცნება
1-ლი თებერვლის შემდეგ ნინის სოფელში სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა, თუმცა ნინი სკოლაში არ მისულა.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სკოლისთვის არავის შეუტყობინებია, რომ ერთ-ერთი მოსწავლე ძალადობის მსხვერპლი გახდა და საქმე იყო აღძრული.
„რომ არ მოვიდა სკოლაში, დამრიგებელი დაუკავშირდა მოსწავლეს. გვითხრეს, რომ დადიოდა კბილის ექიმთან. პრობლემები ჰქონდა, სტკიოდა კბილი და ბაბუას დაყავდა ექიმთან,” – ამბობს საჯარო სკოლის დირექტორი „რადიო თავისუფლებასთან“.
ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ გარეგნულად ნინის ვერ შეატყობდი, რომ ასეთ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო:
„არ ვიცი იმ დღეს რა მოხდა. აფექტში გააკეთა ეს. იმირტომ, რომ ის მომავლის გეგმებს აწყობდა. ადამიანები, რომლებიც მომავლის გეგმებს აწყობენ თავს იკლავენ?
ის არ ფიქრობდა, რომ ეს ამბავი იყო მისი ცხოვრების დასასრული. მისი ოცნება იყო დედასთან წასვლა. ამ შემთხვევამდეც სულ ამბობდა, რომ დედასთან უნდოდა წასვლა… რაღაცა მოხდა, რამაც აფექტურ მდგომარეობაში ჩააგდო. ნეტა, იმ ბიჭმა ხომ მიწერა რამე? თუ იმ ფიქრმა არ მოასვენა, რომ მისი არ სჯეროდათ?“
ნინის თვითმკვლელობის შემდეგ
შსს-ს ცნობით, დაკავებულ ახალგაზრდა კაცს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით ედება, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.
რაც შეეხება გოგოს გარდაცვალებას, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ ის, რაც ნინის შეემთხვა, კიდევ ერთხელ ააშკარავებს ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებს ქალთა და ბავშვთა წინააღდეგ მიმართულ დანაშაულთან დაკავშირებით.
ნინის შემთხვევა განსაკუთრებულია – ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ისტორია სისტემამ არა მისი თვითმკვლელობის მერე, არამედ გაცილებით ადრე შეიტყო, თუმცა მისი გადარჩენა ვერც ოჯახმა, ვერც სამართალდამცავებმა, ვერც სოციალურმა სამსახურმა ვერ შეძლო.
„ამ ვითარებაში მთავარი დამნაშავე ცალსახად არის სახელმწიფო – სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამ ბავშვთან შესაბამისი პირების ჩართულობა,“ – ამბობს თამარ ლუკავა, ორგანიზაცია საფარის იურისტი.
ეს ორგანიზაცია ქვეყანაში წლებია ქალთა და ბავშვთა უფლებებს იცავს. იურისტი ამბობს, რომ მუდმივად აწყდებიან საქმეებს, სადაც მთავარი პრობლემა გამოძიების და ექსპერტიზის ხანგრძლივი დროით გაჭიანურებაა.
„პარადოქსია, რომ საქმეებში, სადაც ბავშვებს და ქალებს დაზარალებულის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვთ, დევნა რა არის დაწყებული. ანუ პროკურატურა ამბობს, რომ დანაშაული მოხდა, გვყავს დაზარალებული, მაგრამ არა გვყავს დამნაშავე,“ – ამბობს ლუკავა.
#ნინისგამო
ქობულეთში მომხდარი შემთხვევის კვალდაკვალ, ქალთა ორგანიზაციამ წამოიწყო ასდღიანი კამპანია, რომელსაც #ნინისგამო ერქმევა.
ამ კამპანიას, რომელსაც ასობით ქალი უერთდება, კონკრეტული მიზნები და მოთხოვნები აქვს:
● შეიცვალოს სისხლის სამართლის გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი. „საქართველოში თუ არ დაგალურჯეს და არ გცემეს, მაშინ არ ითვლები გაუპატიურებულა, ეს უნდა შეიცვალოს,“ – ამბობს ქალტა მოძრობის ერთ-ერთი ლიდერი ბაია პატარაია.
● შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს.
● ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისათვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა და მისგან თავის დაცვა.
● დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის.
„მთელი 100 დღე უნდა ვიმომქედოთ ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად,“– ამბობენ ქალები.
უფლებადამცველები ასევე ითხოვენ ქვეყანში რეალურად ამუშავდეს სოციალური დაცვის სამსახური. ცნობისათვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტს, სადაც 50-ზე მეტი სოფელია, ერთი სოციალურ მუშაკი ემსახურება.
წყარო: “დაიჯესტი”