“სახელმწიფომ უნდა იმუშაოს მაქსიმალურად იმ რისკ ჯგუფებზე, სადაც ყველაზე დაბალი დამყოლობაა, ანუ ანტივაქსერული განწყობები უფრო აშკარად ჩანს,” – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა დღეს განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაცია არის მედიცინის მიღწევებს შორის სამეულში.
„ამისთვის პირველ რიგში ალბათ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა უნდა ჩატარდეს. რამდენი პროცენტი ემხრობა ვაქცინას ექიმებს შორის, ასაკოვან ადამიანებს შორის, რამდენი გაითვალისწინებს რელიგიური და სხვადასხვა კონფესიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ა.შ. ჩვენ როცა გვექნება ეს სურათი, რეალურად მივხვდებით, ის 41 პროცენტი, ვინც უარს ამბობს რა ნაწილშია გადანაწილებული. შესაბამისად, სახელმწიფომ მერე დეტალური ახსნა-განმარტებები უნდა გააკეთოს, სპეციალური საინფორმაციო ვიდეოები უნდა იყოს დამზადებული. ადამიანებმა საკუთარი თვალით ნახონ, სად მზადდება ვაქცინაზე, როგორ მოდის ჩვენამდე, რა ხდება როცა ორგანიზმში შედის. ეს ყველაფერი ადამიანებს უქმნის სწორ ინფორმაციას და წარმოდგენას, რომ ვაქცინაცია როგორც საყოველთაო სიკეთე, რაც მსოფლიოში აღიარებულია, ჩვენმა ქვეყანამ ამაზე უარი არ თქვას. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია უფრო მალე დასრულდება.
მსგავსი მასშტაბის სამედიცინო მიღწევა კაცობრიობას არ აქვს. უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, არ არსებობდეს წითელას ვაქცინა, წელიწადში დაიღუპებოდა წითელათი ან მისგან გამოწვეული გართულებებით 2 მილიონ ხუთასი ათასი ადამიანი. დღეს ეს სიკვდილიანობა არი 140 ათასი. მსოფლიოში პანდემიების დასრულება მხოლოდ შესაძლებელი იყო ან ძალიან დიდი მსხვერპლის წილად ან მხოლოდ ვაქცინაციით. ჩვენ ძალიან გვესმის, რომ ვაქცინაც მედიკამენტია და გვერდითი მოვლენა მასაც გააჩნია, მაგრამ ბუნებრივად გამოწვეული დაავადების გვერდითი მოვლენები და გვერდითი ეფექტები რაც შეიძლება კორონავირუსთან შეხვედრამ ამ ნებისმიერ ინფექციასთან შეხვედრამ ადამიანს დაუზიანოს, არ შევადაროთ ახლოსაც კი იმ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომელსაც იშვიათ შემთხვევებში, როგორც მედიკამენტი, ვაქცინაც იწვევს. ვიცით, რომ 18 წლამდე ბავშვები ამ ვაქცინას ვერ გაიკეთებენ, ორსულები ვერ გაიკეთებენ. ამიტომ უნდა დავიცვათ ის ადამიანები, ვინც ბუნებრივად ვერ იკეთებს ამ ვაქცინაციას. ჩვენზე არის ორი პასუხისმგებლობა, ერთი როგორც ჩვენზე, საკუთარ თავზე და მეორე იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ბუნებრივად არ შეუძლიათ ვაქცინების გაკეთება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.