ახალი ამბები კულტურა მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“სიმბოლურია, ყველაზე უკულტურო არსება იქნება კულტურის მინისტრი” – კულტურის წარმომადგენლები “მეტრონომთან”

გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის მინისტრად შესაძლოა თეა წულუკიანი დაინიშნოს, რასაც ამავე სფეროს წარმომადგენლების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. გარკვეული ნაწილი წულუკიანის ამ თანამდებობაზე დანიშვნას სკეპტიკურად უყურებს. ისინი აღნიშნავენ, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი კულტურის სფეროს ვერ განავითარებს და უკეთესობისკენ ვერაფერს შეცვლის.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად აღნიშნულ საკითხს მთავრობაში არ ადასტურებენ, თუმცა, მმართველი პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი აცხადებს, რომ შიდასამზარეულოში თეა წულუკიანის კანდიდატურაზე საუბარი იყო. ამასთან,  იუსტიციის ექს-მინისტრი უკვე შეხვდა კულტურის რამდენიმე წარმომადგენელს და ამ სფეროში არსებულ პრობლემებს გაეცნო.

მხატვარი გია ბუღაძე “მეტრონომთან” აცხადებს, რომ მისთვის არსებით მნიშვნელობას არ წარმოადგენს ამ პოსტზე ვინ დაინიშნება, რადგან, მისი თქმით, ამ სფეროს საქართველოში არაფერი ეშველება. ასევე დასძინა, რომ თეა წულუკიანი უბრალოდ საკუთარ ამბიციებს იკმაყოფილებს.

“აბა, რაა! ასეთ ქვეყანაში კულტურის მინისტრად წულუკიანისნაირი ადამიანი უნდა იყო. მე პირადად საერთოდ არ მაინტერესებს ვინ იქნება კულტურის მინისტრი. 13 წელია საერთოდ არ ვყოფილვარ კულტურის სამინისტროში, არაფერში მჭირდება, არაფერში მადგება. რეალურად, ვინც უნდათ ის დანიშნონ. ამ ქალს თავისი ამბიციები აქვს, ურჩევნია მთავრობაში ყოფნა, ვიდრე საკანონდებლო ორგანოში. სადაც იყო, იქ რა გააკეთა?!

ამ ქვეყანას არაფერი ეშველება ამ მიმართულებით, სანამ არის ეს ხელისუფლება. სიმბოლური გამოხატულებაა, რომ ყველაზე უკულტურო, მწარე და არაკონსტრუქციული არსება იქნება კულტურის მინისტრი. ეს არის ამ გოგოს ამბიციების დასაკმაოფილებლად. ეს არის ადამიანი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია. რატომ ითვლებიან კარგ მენეჯერებად, არ ვიცი.

ყველა ემორჩილება ერთ უხილავ მმართველს. ამიტომ, არაფერს ნიშნავს ვინ იქნება კულტურის მინისტრი. რაც უფრო მწარე იქნება, ჰომოფობი, ცენზურის მოყვარული და შეურაცხყოფის მომყენებელი – განაცხადა გია ბუღაძემ “მეტრონომთან.”

პოეტ კოტე ყუბანეიშვილისთვის წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა სრულიად მიუღებელია:

“არ მინდა, რომ ზედმეტი ყურადღება მიექცეს ამ წულუკიანს, რადგან ჩემთვის აბსოლუტურად ცარიელი ადგილია, არაფერს ნიშნავს. მაგრად არ მომწონს, როგორც წულუკიანი, ასევე ვოლსკი რომ დაენიშნათ, იგივე იქნებოდა. ან ხაინდრავა რომ დაენიშნათ კინომატოგრაფიის მინისტრად… ამას (თეა წულუკიანს)  ეტყობა, რომ წაკითხული არაფერი აქვს”, – განაცხადა “მეტრონომთან” კოტე ყუბანეშვილმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხს ნეგატიური შეფასება მოჰყვა მომღერალ მერაბ სეფაშვილის მხრიდანაც, რომელმაც თქვა, რომ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად შესაძლო დანიშვნის ფაქტი მისთვის “დამაბნეველია” და აღნიშნა, რომ წულუკიანი კულტურის სფეროს ვერ უშველის. ამასთან, როგორც მომღერალმა “ფორმულასთან” განაცხადა, ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რომ კულტურის სფეროზე ლაპარაკი ადრეა, რადგან ქვეყანა ეკონომიკურად დაღუპულია.

განსხვავებული აზრი აქვს მსახიობ გივი სიხარულიძეს.

“ამ ქვეყანაზე ისეთი რამეები ხდება, სასწაულები! ჭიაბერაშვილი, რომ ქალაქის მერი იქნებოდა, წულუკიანი რატომ არ შეიძლება კულტურის მინისტრი იყოს?! – ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ყველაფერს უნდა ველოდოთ. ქალი, რომელიც იუსტიციის მინისტრი იყო 8 წელიწადი, კულტურის მინისტრობასაც ბრწყინვალედ შეძლებს”, – განაცხადა გივი სიხარულიძემ “მეტრონომთან.

ავტორი: თამარ შუკვანი

 

იტვირთბა....