მომავალ წელს ვერეს ხეობაში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გაკეთდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს განაცხადა.
ნარმანიას თქმით, 2016 წელს ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები შესრულდება. სტიქიის ადგილზე კი დაგეგმილია 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალის გაკეთება.
საუბრისას ნარმანიას არ დაუკონკრეტებია, როგორი იქნება მემორიალი.
როგორც მერიაში აცხადებენ, კონცეფცია დაახლოებით ორ თვეში ჩამოყალიბდება, რის შემდეგაც ვერეს ხეობის განვითარების პროექტი მომზადდება.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდებამ 19 ადამიანი შეიწირა და ქალაქს ათობით მილიონი ლარის ზარალი მიაყენა.