სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია.
უწყება განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს სახელმწიფო მალავს უკანონო დაკავებების ფაქტებს ან პირთა ვინაობას, მცდარია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები, წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის პირდაპირ პასუხისმგებლობას.
როგორ განცხადებაში წერია, საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებს ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმის დამყარების დღიდან და მისი გამომწვევი მიზეზი არის არა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა, არამედ უშუალოდ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ დამდგარი ოკუპაცია.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებაში გავრცელებულ არაერთგვაროვან, ხშირ შემთხვევაში, მცდარ ინფორმაციას საოუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებულ უკანონო დაკავებებისა და ზოგადად, ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. ამავდროულად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცალსახად აფიქსირებს, რომ მიესალმება მედიის ინტერესს და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს, რომელიც მიმართულია უკანონო დაკავებებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები, წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პირდაპირ პასუხისმგებლობას.
მსურს საზოგადოებას შევახსენო, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორცილებული უკანონო დაკავებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ფიქსირდება. 2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ათეულობით მოქალაქეს აკავებენ. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული, არ ყოფილა არც ერთი წელი, მრავალრიცხოვანი უკანონო დაკავებების გარეშე – 2009 წელს საქართველოს 80-მდე მოქალაქე იქნა უკანონოდ დაკავებული. 2010 წელს, ასევე, 80 ადამიანი დააკავეს უკანონოდ. 2011 წელს უკანონოდ დაკავებების რიცხვმა 140-ს მიაღწია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია უკანონო დაკავებების სტატისტიკაში. 2012 წელს 112 ადამიანი იქნა უკანონოდ დაკავებული, 2019 და 2020 წლებში უკანონოდ დააკავეს 86 და 64 ადამიანი. ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ნათლად მიუთითებს, რომ საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებს ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმის დამყარების დღიდან და მისი გამომწვევი მიზეზი არის არა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა, არამედ უშუალოდ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ დამდგარი ოკუპაცია. შესაბამისად, ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია. თავისთავად მცდარია აღნული ნარატივის დაკავშირება სახელმწიფოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართლებით გატარებულ როგორც ზოგად, ისე უსაფრთხოების პოლიტიკასთან.
გვსურს ყურადღება გავამახვილოთ სახელმწიფოს მიერ უკანონო დაკავებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ვალდებულებასთან დაკავშირებით. ვრცელდება მცდარი მოსაზრება, თითქოს სახელმწიფო მალავს უკანონო დაკავებების ფაქტებს ან პირთა ვინაობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უკანონოდ დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხდება მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. თითოეული პირის უკანონოდ დაკავების ფაქტი ფასდება ინდივიდუალურად, რა დროსაც სახემწიფო უფლებას იტოვებს, განსაზღვროს ფაქტის გახმაურების შესაბამისი დრო, რადგან საკმაოდ ხშირად, გავრცელებული ინფორმაცია შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს გათავისუფლების პროცესისთვის და მსგავსი შემთხვევები არაერთხელ ყოფილა. რაც შეეხება უკანონოდ დაკავებულ პირთა სტატისტიკას, აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნარატივი სახელმწიფოს მიერ უკანონო დაკავებების დამალვის შესახებ, თვისობრივად მცდარია და შეცდომაში შეჰყავს როგორც მედია, ისე საზოგადოება.
საჭიროებას ვხედავთ, გამოვეხმაუროთ უკანონოდ დაკავებული პირის დახსნის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს და მისი საჯაროობის შესახებ გავრცელებულ არაერთგვაროვან ინფორაციას. უკანონო დაკავებებს სახელმიწფო უპირისპირდება მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით. ცენტრალური ხელისუფოების ხელთაა როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური ინსტრუმენტები. ოფიციალლური ინსტრუმენტებია: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები.
უკანონო დაკავების მომენტიდან, ხდება ოფიციალური ინსტრუმენტების ამოქმედება და აღნიშულის შესახებ, ხშირ შემთხვევაში, ინფორმირებულია საზოგადოება. თუმცა ბოლო პერიოდში ცალკეული პირების მიერ მიზანმიმართულად ხდება ოფიციალური ინსტრუმენტების მიმართ ნიჰილისტური განცდის დანერგვა. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ცხელი ხაზის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ჟენევის საერთაშორისი დისკუსიების და სხვა ფორმალური ინსტრუმენტების მიმართ ნეგატიური და ნიჰიმისტური განწყობების წახალისება წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის ინტერესს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში იდება ძალიან დიდი ძალისხმევა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებისა და ცხელი ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ცხელი ხაზის გააქტიურებას წარმოაჩენს რუტინულ, არაფრისმომცემ პროცედურად, ჯდება საოკუპაციო რეჟიმის ნარატივში და მიუთითებს პირის ან პირთა ჯგუფის საკითხის გაუთვითცნობიერებულობაზე.
რაც შეეხება გათავისუფლების პროცესის შესახებ სახელმწიფოს მიერ დეტალური ინფორმაციის გაზიარებას.
მოგეხსენებათ, რომ ოკუპაცია წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევას, განხირციელებული სამუშაო შეიცავს სპეციფიკურ, ზოგ შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციას, შესაბამისად, ცალსახაა, რომ გასაჯაროვება არ წარმოადგენს სახელმწიფს ვალდებულას და აღნიშნული ხდება დოზირებულად, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, ნარატივი, რომელის მიხედვითაც სახელმწიფო არ მუშაობს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მიმართულებით, რადგან აღნიშნულის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ არის, მცდარია.
უკანონო დაკავებების ფაქტზე საზოგადოების პროტესტი ლეგიტიმურია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იზიარებს აღნიშნულ პროტესტს. თუმცა, პროტესტის დროს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებლი საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოების ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხები, ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ხალხმრავალი საპროტესტო შეკრებების გამართვამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო, მეტიც, აღნიშნულ პროცესში შესაძლოა პირდაპირი საფრთხე დაემუქროს ადგილზე წარმოდგენილ სამოქალაქო პირებსა და პოლიციას. უკანონო დაკავებების შედეგად გამოწვეული ნეისმიერი საპროტესტო აქცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, ასევე, საოკუპაციო ხაზზე წარმოდგენილ საპოლიციო დანაყოფების ფუნქციონირებას, სრულად ჯდება საოკუპაციო რეჟიმის მიზნებსა და მოცანებში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების საკითხების, განსაკუთრებით კი უკანონო დაკავებების და ე.წ ბორდერიზაციის პოლიტიზება, კრიტიკულად აზიანებს პროცესს და მიუთითებს აღნიშნულის განმახორციელებელთა არაპროფესიონალიზმზე.
კონკრეტული უკანონო დაკავების განხილვისას, დისკუსიაში პოლიტიკური ნარატივის შემოტანა ქმნის ბუნდოვანებას და შეუძლებელს ხდის საკითხის თანმიმდევრულ განხილვას. უკანონო დაკავებების პოლიტიზება და აღნიშნულის შედეგად პოლიტიკური დესტაბილიზაციის შექმნა, საოკიპაციო რეჟიმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კიდევ ერთხელ უცხადებს თანადგომას უკანონოდ დაკავებულთა ოჯახებს და ცალსახად აფიქსირებს, რომ წარსულში უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირი გათავისუფლდა და გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობაში ამჟამად მყოფი საქართველოს მოქალაქეებიც.
დასასრულს, მსურს გაგიზიაროთ სასიამოვნო ინფორმაცია ოუპირებული აფხაზეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების აღდგენის მიმართულებით. შესაძლოა დღეს ან ხვალ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით აღდგეს თავისუფალი გადაადგილება, რა თქმა უნდა, ცალკეული რეგულაციების გამოყენებით,“- განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.