ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიდის თუ არა დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოდან?”

ევროპულ საქართველოში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ On.ge-ს პარტიის ლიდერებმა განუცხადეს. დავით ბაქრაძეს მას შემდეგ დავუკავშირდით, რაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის ევროპული საქართველოდან წასვლას აპირებს. პარტიის არც ერთი ლიდერი ამას არ ადასტურებს, თუმცა, საუბრობენ სტრუქტურულ ცვლილებებზე.

“პარტიაში ცვლილებები იგეგმება, მაგრამ წასვლის ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. ცვლილებები შეეხება პარტიის სტრუქტურას და სამომავლო გეგმებს. მეტ დეტალებს ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით”, _ უთხრა დავით ბაქრაძემ On.ge-ს.

პარტიის თავმჯდომარემ იქვე განმარტა, რომ საერთო ოპოზიციურ პრინციპულ საკითხებზე, მაგალითად, პარლამენტში არშესვლაზე, პოზიციები უცვლელია.

“ყველა წევრის და პირადად ჩემი მხრიდანაც ბოიკოტი ძალაშია და შეცვლა არ განიხილება”, — განაცხადა მან.

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერიაც ამბობს, რომ ბაქრაძის წასვლის შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, ბოკერიას თქმით, ამაზე არჩევნების შემდეგ დაიწყეს მსჯელობა და აქტიური დისკუსია მიმდინარეობს.

“თუ რამე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბუნებრივია, ეს მოხდება პარტიაში შიგნით, დისკუსიის შედეგად და საჯაროდ გახდება ცნობილი. ამ ეტაპისთვის არანაირი პერსონალური საკითხები არ არის განხილული და გადაწყვეტილი”, — ამბობს ის.

On.ge-ს კითხვას, არის თუ არა მსჯელობა პარტიულ თანამდებობებზე მყოფი ადამიანების და მათ შორის, დავით ბაქრაძის, გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას ცვლილებაზე, პარტიის ლიდერი პასუხობს, რომ მსჯელობა ყველაფერზე იქნება, მაგრამ პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება არავის მიუღია:

“ყველაფერს განვიხილავთ, იმის მიხედვით, რას ჩათვლის პარტია საჭიროდ მომავლისთვის”.

ამის შემდეგ გიგა ბოკერიას ვკითხეთ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შესაძლოა, პარტიის ლიდერები შეიცვალონ. მან ასე გვიპასუხა:

“მე ასეთი რამ არ მითქვამს. ყველა თემაზე ვმსჯელობთ, როგორ ჯობია და ეს მსჯელობა რითი დასრულდება… მე როგორ უნდა გადავწყვიტო მთელი პარტიის ნაცვლად, მთელი ქვეყნისთვის და მათ შორის, ჩვენი პარტიისთვის ასეთი გამოწვევების დროს, პარტია მსჯელობს, როგორი უნდა იყოს სტრატეგია, ტაქტიკა”.

გიგა ბოკერიაც ხაზს უსვამს, რომ განსახილველ საკითხებს შორის არ არის ბოიკოტი და ამაზე პოზიციას არ შეიცვლიან.

კითხვას, შიდა დისკუსიის მიზეზი გახდა თუ არა ის შედეგიც, რომელიც აქვს ევროპულ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბოკერია დადებითად პასუხობს.

“მათ შორის. კი, ეს არჩევნები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას და ივანიშვილის ხელისუფლებას არ მიუღია უმრავლესობის მანდატი, ეს მანიპულაციების შედეგად მოხდა, მაგრამ ჩვენ უკმაყოფილო ვართ ჩვენი პარტიის შედეგით ამ მანიპულაციების მიღმაც და ამაზე სრული კონსენსუსია. თუ არჩევნების შემდეგ, მანიპულაციების გათვალისწინებით, არ არის მიღწეული ის შედეგი, რაც იგეგმებოდა, ყველა პასუხისმგებლიანი პარტიის საქმეა, იმსჯელოს, როგორ უნდა იმოქმედოს იმ რეალობის გათვალისწინებით, როგორც მოქმედებს ივანიშვილის ხელისუფლება”, — ამბობს ბოკერია.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს წევრებს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა გოგორიშვილმა გვითხრა, რომ წესდების მიხედვით, ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტსაბჭო ხელახლა კომპლექტდება და ეს დამოკიდებულია იმაზე, რა შედეგები აჩვენეს რაიონულმა ორგანიზაციებმა, მაჟორიტარობის დეპუტატებმა არჩევნებზე:

“შესაბამისად, დაითვლება და ვისაც მოუწევს, რომ იყოს პოლიტსაბჭოს წევრი… შეიძლება ახლებს უკეთესი შედეგი ჰქონდეთ, ვიდრე სხვებს და ან პირიქით, ვიღაცები აღარ იქნებიან პოლიტსაბჭოს წევრები”, — ამბობს გოგორიშვილი.

მისივე თქმით, წესდების მიხედვით, ცვლილება მხოლოდ პოლიტსაბჭოს წევრებს ეხება და არა თავმჯდომარეს ან სხვა ლიდერებს. აქვე, გოგორიშვილი ამბობს, რომ ამ წესდების მიღმა პარტიაში ცვლილებები დაგეგმილი არ არის.

წყარო: on.ge

იტვირთბა....