ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სასამართლოზე: “მყავს შვილები, ისინი არასოდეს მინახავს, თავისუფლება მინდა”

რუსეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, თენგიზ გიგიბერიაა, მეტსახელად “თენგო პოტინსკის” სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სამართლდება რუსეთში 2019 წელს შემოღებული კანონის მიხედვით. აღნიშნული კანონი ე.წ. ქურდულ სამყაროში “მაღალ იერარქიულ საფეხურზე” მყოფი პირების სამართალში მიცემას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი კრიმინალური გამოცემა “პრაიმკრაიმი” ავრცელებს.

“პრაიმკრაიმის” ინფორმაციით, თუკი “ქართველი ავტორიტეტი” გამოძიების პროცესში ხმას არ იღებდა, სასამართლოზე გააქტიურდა და განაცხადა, რომ ის ნამდვილად არის ე.წ. კანონიერი ქურდი.

“მოსამართლევ, მე ვაღიარებ დანაშაულს. 1996 წლიდან ვარ კანონიერი ქურდი და გთხოვთ სწრაფად გამომიტანოთ განაჩენი ყოველგვარი მოწმეების გარეშე, მძიმედ ვარ და გთხოვთ ყველაფერი გააკეთოთ სწრაფად” – ციტირებს “პრაიმკრაიმი” სასამართლო პროცესზე გიგიბერიას სიტყვებს.

მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა სასამართლოს მიმართ, პროკურორი და მოსამართლე დაინტერესდნენ გიგიბერიას ცხოვრების დეტალებით და მოინდომეს გაერკვიათ, როგორი კანონები მოქმედებს ე.წ. ქურდულ სამყაროში, რას ნიშნავს ესა თუ ის ტატუ, როგორ ხდება უარის თქმა “კანონიერ ქურდობაზე” და როგორ ხდება “ქურდად მონათვლა”.

“პრაიმკრაიმის” ინფორმაციით, გიგიბერიამ განაცხადა, რომ არასოდეს არ გამოუყენებია ცუდად მისი სტატუსი, რომ მას ჰყავს ოჯახი, შვილები მათთან ურთიერთობა ენატრება. მისი თქმით, ის ვერანაირად ვერ გამოიყენებდა მის სტატუსს საპყრობილეში სადაც მთლიანობაში 17 წელი გაატარა, რადგან ახლაც ის მარტოა საკანში და კონტაქტი არავისთან აქვს.

“არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ რაც 2019 წლიდან ეს კანონი გამოვიდა, ბევრს ვფიქრობ. მინდა გავთავისუფლდე და ვფიცავ ყოველივე წმინდას, არანაირი კრიმინალური საქმიანობის ჩადენას არ ვაპირებ. მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. ისინი წამოიზარდნენ უკვე, არადა არასოდეს მინახავს. მინდა მათ ავუხსნა, რატომ არ ვიყავი მათ გვერდით. არ მინდა იფიქროთ, რომ ვთვალმაქცობ, უბრალოდ მინდა თავისუფლება.” – ციტირებს “პრაიკრაიმი”.

სასამართლო პროცესი გრძელდება. მოსამართლის მიერ მაქსიმალური სასჯელის ზომის გამოყენების შემთხვევაში, ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს 15-წლიანი სასჯელი ემუქრება.

 

 

 

იტვირთბა....