ინტერვიუ ანალიტიკოსთან ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძესთან
თურქეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმების მიხედვით, საქართველოში, გაზსადენი „შაჰდენიზ 2“-ის სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულდეს. ხელისუფლების მხრიდან ბოლო დროს გაპიარებულმა “გაზპრომის” თემამ კი სავარუდოა, რომ მას ხელი შეუშალოს. საქართველოსთვის ეკონომიკური თვალსაზარისით ნებისმიერი გაზსადენის გავლა მომგებიანია, თუმცა რამდენად შეიძლება ეკონომიკურ, ან პოლიტიკურ წარმატებებზე საუბარი, მაშინ როცა ორი მეზობელი ქვეყანა, რუსეთი და თურქეთი დღეს, ერთმანეთს უპირისპირდება? თუმცა, რომ არა აღნიშნული დაპირისპირება, “გაზპრომის” და “შაჰდენიზის” უპირატესობის თემა მაინც არის დღეს პოლიტიკური დისკუსიის საკითხი. ამ თემაზე „მეტრონომს“ ანალიტიკოსი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე ესაუბრა.
“მეტრონომი”: ორი მეზობელი ქვეყნის, რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა რა დოზით შეიძლება დაზარალდეს?
დემურ გიორხელიძე: ძალიან საშიში დაპირისპირებაა და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სერიოზულ ძალოვან კონფლიქტამდე არ მივა საქმე. ომი არც ერთ მხარეს არ აწყობს.
ქართული ბაზარი თურქულ პროდუქციაზეა მიბმული. ბუნებრივია, თურქეთში სიტუაციის გართულება პროდუქციის შემოდინებას შეაფერხებს. ქართული ექსპორტი, ასე თუ ისე, რუსეთზეც არის მიბმული და ასევე, საომარი მოქმედებები თუ იქნება, რუსეთში ექსპორტიც გართულდება. ამიტომ ჩვენ იქაც დავკარგავთ შემოსავლის წყაროს. ბუნებრივია, ჩვენი ხელისუფლება ყველა სიტუაციისთვის უნდა ემზადებოდეს, განსაკუთრებით, შესაძლო გართულებებისთვის.
რუსეთსა და თურქეთს შორის რამე შეფერხებები რომ იყოს, ჩვენ ორი კვირის საკვებიც კი არ გვაქვს, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ასე რომ, პრობლემები სერიოზულია და ამას რაციონალური განსჯა სჭირდება. უნდა ვეცადოთ ისე გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, რომ დანაკარგები არ იყოს.
– თუმცა, არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში საქართველოს ეკონომიკური დონის გაუმჯობესებას ხედავს. აქ იგულისხმება, როგორც რუსეთიდან მეტი ტურისტის შემოდინება, ასევე ამ ქვეყანასთან იმპორტ-ექსპორტის გაზრდა. როგორ შეაფასებთ ამ ხედვას?
– როცა მეზობელ ქვეყნებს პრობლემები აქვთ, ეს არ შეიძლება ჩვენთვის კარგი იყოს. ეს არ არის რაციონალური აზრი. წუთიერი მოგებები ხელს არავის უწყობს. როგორც ჩანს, აღმოსავლეთში დაპირისპირება გარდაუვალია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ რა მასშტაბზე იქნება საუბარი. ამ საშინელ დაპირისპირებაში იმის იმედზე ვერ ვიქნებით, რომ ჩვენი ბიჭი მოიგებს და მტერი დამარცხდება. ამ დაპირისპირების გაღრმავებისას ჩვენთვის ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი პროგნოზები იკვეთება. რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირება შეუძლებელია საქართველოსთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად მომგებიანი იყოს.
– რაც შეეხება უახლოეს ინფორმაციას, რომელიც გულისხმობს თურქეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებას და საქართველოზე „შაჰდენიზი 2“-ის გავლას. კალაძის განცხადებით, თუ ეს 2018 წლამდე მოხდება, „გაზპრომი“ საჭირო აღარ იქნება. არსებობს მოსაზრება, რომ ქვეყნისთვის ორივე გაზსადენის გავლა უკეთესია. რა პლიუსები და მინუსები აქვს ამ პროცესებს?
– გლობალური დაპირისპირების ერთ- ერთი მთავარი, მაგრამ შენიღბული საფუძველი სწორედ კასპიის ზღვისა და ირანის ენერგომატარებლების ევროპაში ტრანზიტის გზების და ამ რესურსების კონტროლის საფუძვლებია. ეს არის დაპირისპირების ფუძე. ბუნებრივია, რუსეთ-თურქეთის კონფრონტაციის პირობებში ჩვენ ვერ მოვიგებთ. ამიტომ სიამოვნებისგან ხელების ფშვნეტა, რა კარგია, ჩვენზე გაზსადენი გაივლის, არასწორია. ეს სერიოზული და პრობლემური თემებია. გვმართებს ღრმად გავერკვეთ ამ პრობლემებში. კონფრონტაციულ პერიოდში საქართველოში ნავთობსადენის და გაზსადენის გავლა საკმაოდ პრობლემურია. ეს შეიძლება ინტერესების დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
მანა ნოდია