ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძალიან მეშინია იმ გაბოროტებულმა ადამიანებმა რამე არ მოიმოქმედონ” – ვის მიმართვას თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან საუბრისას 6 თებერვალს გამართულ დაუმორჩილებლობის აქციას გამოეხმაურა.

როგორც ცერცვაძემ მედიასთან აღნიშნა, კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები შემცირდა, თუმცა შიშობს, „გაბოროტებულმა ადამიანებმა” რამე არ მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს.

„აი, სადღაც ორ კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში, მაგრამ მე ძალიან მეშინია იმის, რაც გუშინწინ მოხდა, იმ გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს, რომ ქვეყანა ასეთი წარმატებით მართავს კოვიდს, რომ ასე მინიმუმამდე დავიდა ინფიცირების შემთხვევა, რამე არ მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს. თუ ეს არ მოხდება, ყველაფერი ძალიან მალე გაიხსნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებმა კომენდანტის საათი და სხვა რეგულაციები გააპროტესტეს. ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე 2 000 ლარით დააჯარიმეს.

აქტივისტებმა რუსთაველის გამზირიდან გალაკტიონის ხიდის გავლით დაიწყეს მსვლელობა. მათ შეუერთდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. აქციის მონაწილეებმა „დედაენის ბაღი“ 7 თებერვალს, დილის 5 საათის შემდეგ დატოვეს.

იტვირთბა....