“ეს არის მორიგი პრანჭვა და რიტუალური ცეკვა, იმისათვის, რომ “გირჩს” შეუქმნან კომფორტი და პარლამენტში შესვლა გაამართლონ,”- ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ წინადადებას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უბარიერო სისტემის შემოღებას განიხილავს.
როგორც ხუხაშვილი აცხადებს, საარჩევნო ბარიერის დამტკიცებას საკონსტიტუციო უმრვავლესობის ხმები(113 დეპუტატი) სჭირდება, რაც პარლამენტში ვერ იქნება წარმოდგენილი.
“ეს არის მორიგი პრანჭვა და რიტუალური ცეკვა, იმისათვის, რომ “გირჩს” შეუქმნან კომფორტი პარლამენტში შესვლის და მათი შესვლა გაამართლონ, მეტი არაფერი არ არის. იმიტომ, რომ ჩვენ თუ ვლაპარაკობთ ნულოვან ბარიერზე, თუ მარტო “გირჩი” შევიდა პარლამენტში, ეს მკვდრადშობილი ე.წ. გაპრანჭული შეთანხმებაა. თუ მარტო “გირჩი” შევიდა და სხვა პარიები არ შევიდნენ, ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება ფიზიკურად შეუძლებელია, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება მაღალი ქვორუმი, რომელიც ვერ ჩამოყალიბდება. შესაბამისად, ეს არის უბრალოდ ერთგარი შუმერული თამაში და მეტი არაფერი.
ყველა რომ შედიოდეს, მესმის, რომ შეიძლებოდა ამის განხილვა. რადგან, ყველა რომ შედიოდეს, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ “გირჩს” შესვლამ მხოლოდ შეიძლება 100 კაცი მოგვცეს, 100 კაცს კიდევ ძალიან დიდი სურვილიც რომ ჰქონდეს, ამ გადაწყვეტილებას მაინც ვერ მიიღებს. შესაბამისად, რა აზრი აქვს ამის განხილვას?”- აცხადებს ხუხაშვილი.
ნულოვანი ბარიერის დაწესება არის თუ არა საკმარისი პირობა ოპოზიციისთვის საკანონმდებლო ორგანოშ შესასვლელად, ანალიტიკოსის თქმით, ქვეყანაში არსებულ პრობლემებს მხოლოდ ბარიერის დაწევა ვერ გადაჭრის.
“ეს პირობა სრულიად არასაკმარისია შესასვლელად, იმიტომ, რომ ეს ვერ წყვეტს იმ პრობლემას, რაც ჩვენ გვაქვს დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. რას იზამს “გირჩი”, არ ვიცი, მე მათ გულში ხომ არ ვზივარ, მაგრამ რასაც ამბობენ, კოჭებში ასე ჩანს, რომ აპირებენ შესვლას,”- განაცხადა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან.”
ცნობისთვის, 8 თებერვალს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიგინგზე განაცხადა, რომ უმრავლესობა მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს საარჩევნო რეფორმის მიმართ. მდინარაძის თქმით, ისედაც აქვთ აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3 პროცენტამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია.
ავტორი: თათია შაიშმელაშვილი