რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, 31 ევროპარლამენტარი აწერს ხელს ღია წერილს, რომელშიც ითხოვენ სავიზო რეჟიმის მოხსნას საქართველოსთვის და უკრაინისთვის. წერილის ადრესატები არიან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და სხვა მაღალჩინოსნები. „დარწმუნებული ვართ, რომ უვიზო რეჟიმის უპირობოდ მინიჭება უკრაინისთვის – ისევე, როგორც საქართველოსთვის, რომელმაც ასევე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს გამოკვეთილ სფეროებში – აირეკლავს ევროკავშირის ჭეშმარიტ ერთგულებას აღმოსავლეთის პარტნიორობის [პროგრამის] მიმართ, რაც ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა იმ უზარმაზარი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და პროპაგანდისტული ზეწოლის ფონზე, რომელსაც განიცდიან ევროკავშირის ეს ასოცირებული პარტნიორები. მეტიც, ეს გააძლიერებს უკრაინის – და ასევე საქართველოს – მიზანსწრაფვას, გააგრძელონ რეფორმების გზა, რაც ამ ქვეყნებში ხელს შეუწყობს პოზიტიურ დემოკრატიულ ცვლილებებს“. ამასთან, პარლამენტარები აცხადებენ, რომ „ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, უკრაინის და საქართველოს ხალხები უვიზო რეჟიმით უკვე მომავალ წელს ისარგებლებენ“.
წყარო: “რადიო თავისუფლება”