ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვთვლით, რომ პრეპარატი გარდამტეხ ცვლილებებს შეიტანს COVID-19-თან ბრძოლაში” – ისრაელის საელჩოს განცხადება

საქართველოში ისრაელის საელჩო კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელში შექმნილმა COVID 19-ის სამკურნალო მედიკამენტმა კლონიკური ცდის პირველ ფაზაზე შედეგიანობის 95% აჩვენა.

განცხადების თანახმად, სამკურნალო პრეპარატი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომ ამ ვირუსის საფრთხე საბოლოოდ განეიტრალდეს.

“უმნიშვნელოვანესი სიახლე თელ-ავივის სურასკის სახელობის სამედიცინო ცენტრიდან: COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტმა გამოცდის პირველ ფაზაზე შედეგიანობის 95% აჩვენა. 30 საშუალო და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტიდან 29 ხუთი დღის განმავლობაში ჰოსპიტალიდან გაეწერა.

პრეპარატის სახელწოდებაა EXO-CD24. ის წარმოადგენს CD24 ეზოსომების საფუძველზე შექმნილ ინოვაციურ ნაერთს, რომელსაც პირდაპირ ფილტვებში უშვებენ, რათა აღმოფხვრას COVID-19-ით გამოწვეული ციტოკინური ქარიშხალი.

დღეს არსებული მონაცემებით COVID-19-ს აქვს ორი საკვანძო ეტაპი. პირველ ეტაპზე მის მიმართ მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა გამოიყენება. ხოლო მეორე ეტაპზე, გართულების შემთხვევაში, ვითარდება ე.წ. ციტოკინური ქარიშხალი. დღემდე, ჯერ ვერც ერთმა პრეპარატმა ვერ შეძლო კორონავირუსის ამ ეტაპის მიმართ სამკურნალო საშუალების ეფექტურობის დადასტურება.

როგორც სურასკის სამედიცინო ცენტრის პროფესორი ნადირ არბერი აღნიშნავს, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ამ პრეპარატის შექმნაში, ვაქცინა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პანდემიის შესაკავებლად და გასანეიტრალებლად, მაგრამ მისი სრულად გაქრობა ძნელად წარმოსადგენია, ამიტომ სამკურნალო საშუალება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომ ამ ვირუსის საფრთხე საბოლოოდ განეიტრალდეს.

შესაბამისად, პრეპარატის პირველი ფაზის შედეგები ძალზედ დამაიმედებელია და ველით, რომ გარდამტეხ ცვლილებებს შეიტანს COVID-19-თან ბრძოლაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

იტვირთბა....