“ორი ჩეჩენი გეი კაცი, რომლებიც წამებას გაექცნენ, რუსეთმა კვლავ ჩეჩნეთში დააბრუნა”, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.
ამასთან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სალეხ მაგომადოვი და ისმაილ ისაიევი ამბობდნენ, რომ ჩეჩნეთის სპეციალურმა პოლიციამ აწამა, რის გამოც რუსეთში თავშესაფრის საძებნელად გაიქცნენ. ისინი ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში რუსეთის პოლიციამ დააკავა და ჩეჩნეთს გადასცა. დაკავების მიზეზი უცნობია.
ჩეჩნეთში მათი დაკავების ოფიციალურ მიზეზად Telegram-ზე ოპოზიციური არხის შექმნა სახელდება. დაკავებულები ამბობდნენ, რომ მათ წამების შემდეგ აიძულეს ვიდეოს ჩაწერა, სადაც ამისათვის ბოდიშს იხდიდნენ.
ჩეჩნეთში ხშირია ლგბტ თემის წარმომადგენელი ადამიანების წინააღმდეგ ძალადობა, მათი დაკავება და წამება. მიუხედავად ამისა, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი არათუ ძალადობის და უკანონო დაკავების ფაქტებს, არამედ ჩეჩნეთში ამ თემის წარმომადგენლების არსებობასაც უარყოფს.
უკანასკნელ წლებში არაერთმა ადამიანმა ისაუბრა სექსუალური ორიენტაციის გამო მათ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის შესახებ. მათ შორის იყვნენ მაგამედოვი და ისაიევიც.
2019 წელს რუსი უფლებადამცველი ჯგუფები ამბობდნენ, რომ ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანების დაპატიმრება და მათი წამება კვლავ გრძელდებოდა. მათი ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის იანვრამდე 40-მდე ადამიანი დააკავეს. მათგან ორი წამების შემდეგ გარდაიცვალა.
რუსული ლგბტ ქსელის მიხედვით, ზეწოლა მას შემდეგ განახლდა, რაც სოციალურ მედიის, VKontakte-ს ონლაინ ლგბტ ჯგუფის ადმინისტრატორი დააკავეს. მათი ინფორმაციით, პოლიცია დაკავებულებს სამგზავრო დოკუმენტებს ართმევდა, რათა მათ ქვეყნა ვერ დაეტოვებინათ. ორგანიზაციაში ამბობდნენ, რომ ისინი უკვე 150 ადამიანს დაეხმარნენ ქვეყნიდან გაქცევაში, თუმცა მომავალში ეს გართულდებოდა.
მიუხედავად ამისა, სწორედ ეს ჯგუფი დაეხმარა მაგამედოვსა და ისაიევს ჩეჩნეთიდან გაქცევაში.
ჩეჩნეთში ჰომოსექსუალი კაცებისათვის საკონცენტრაციო ბანაკების შექმნის შესახებ რუსული გამოცემა Novaya Gazeta 2016 წლის აპრილში წერდა. გამოცემის მიხედვით, მაშინ მხოლოდ ერთ კვირაში 100 ჰომოსექსუალი კაცი დააკავეს და ამ ბანაკებში გადაიყვანეს, ხოლო მათგან სამი მოკლეს. დაკავებულთა შორის ცნობილი სატელევიზიო წამყვანები და რელიგიური ფიგურებიც იყვნენ.
ისინი, ვინც საპატიმროებს თავი დააღწიეს ყვებიან, რომ პატარა ოთახში 30-40 ადამიანს ათავსებენ, ელექტროშოკით აწამებენ და სასტიკად სცემენ.
არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ პუტინის ახლო მოკავშირე, რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი თანამოქალაქეებს ჰომოსექსუალების არაკანონიერი გზებით დასჯის და მოკვლისკენაც კი მოუწოდებს.
კადიროვი მედიასთან ირწმუნებოდა, რომ ჩეჩნეთში გეი მამაკაცები არ არიან და დაკავებებს უარყოფდა. მისი თქმით, მსგავს ადამიანებს საკუთარი ოჯახები დახოცავდნენ.
ჩეჩნეთის რესპუბლიკას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველმა სამმა ფრანგულმა ჯგუფმა ჰომოსექსუალების მიმართ გენოციდის გამოც უჩივლა.