„თავისუფლება ზაზა გახელაძეს, რუსეთი ოკუპანტია“ , – ამ ლოზუნგით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში, სოლიდარობის აქცია გამართა.
აქციის წარმომადგენლები საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ამასთან, აქტივისტების თქმით, მთავრობას მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ, რათა ზაზა გახელაძე დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს.
„მოვედით სიმბოლურად სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც ცხოვრობს ზაზა გახელაძე. ვუცხადებთ სოლიდარობას მის ოჯახს. გვინდა, კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვთქვათ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და მოვუწოდებთ მთავრობას, დროზე მიმართოს შესაბამის სტრუქტურებს, რომ ზაზა გახელაძე უვნებელი დაუბრუნდეს ოჯახს. რუსეთი არის ოკუპანტი და სწორედ რუსეთის მიერაა ეს მავთულხლართები და უკანონო გატაცებები“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობის“ წარმომადგენელი დავით დონერიანი.
ადგილზე იმყოფებოდნენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან: „მონიტორინგის ცენტრი – საზოგადოება“, „ახალი ძალა საქართველოსთვის“, „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“, „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“, „ახალგაზრდა თაობა“.
შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.