ბესიკ გამყრელიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი ანტონ გულიაშვილის გარდაცვალების შესახებ წერს.
“მეტრონომი” ბესიკ გამყრელიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
მამა ანტონი ბრძანდებოდა მცხეთის სემინარიის პირველი სტუდენტი და შესაბამისად ამავე სემინარიის პირველი გამოშვების კურსდამთავრებული.
იყო ბათუმ-შემოქმედელი მღვდელთმთავრის, ეპისკოპოს ილიას მორჩილი (ამჟამად კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე) .
სამღვდელო ხარისხში ხელდასხმულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორის (სიდამონიძე) მიერ, კათოლიკოს პატრიარქ დავით მეხუთის (დევდარიანი) მოღვაწეობის ჟამს, საბჭოთა საქართველოს სახელისუფლებო ეშალონების ცვლილებებისას, მამა ანტონს ისევე როგორც მთელ ეკლესიას მოუხდა სირთულეების გადატანა სასულიერო წოდებიდან გამომდინარე. იყო დაპატიმრებული, განიცდიდა დევნას საბჭოთა უწყებების მხრიდან, თუმცა წამით არ გადაუხვევია უფლისკენ მიმავალი გზიდან.
მამა ანტონი 1977 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს ეკლესიის რიგით მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე, რომელიც ტარდებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად, ბრძანდებოდა ხმის მიცემის უფლების მქონე დელეგატი და საქართველოს ეკლესიის მამამთავრის ტახტზე მხარი დაუჭირა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას.
მამა ანტონი სხვადასხვა დროს მსახურობდა არაერთ ტაძარში, ჩემი მეხსიერების სიღრმეში მახსოვს იგი მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძარში მსახურობდა და უშუქობის გამო კანდელების შუქზე ატარებდა ზამთარში ღვთისმსახურებას (ტაძარში ზოგჯერ ისე ბნელოდა ბავშვები მშობლებს ვერ ცნობდნენ,თუმცა ღვთისმსახურება უაღრესად მოწესრიგებულად ტარდებოდა).
ბოლო დროს მამა ანტონი ბრძანდებოდა ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ-ქართული ტაძრის მღვდელმსახური, მუდამჟამ სარგებლობდა მრევლის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, იყო საქართელოს ეკლესიის ცოცხალი მემატიანე და შესანიშნავი მქადაგი.
მე სამწუხაროდ არ მქონია მასთან ახლო ურთიერთობა, ჩემი მასთან ნაცნობობა მხოლოდ ლოცვა-კურთხევის მიღებით და ორიოდსიტყვიანი საუბრით შემოუფარგლებოდა, ნეველის ტაძრის უკან, სამღვდელო შესასვლელი აქვს საკურთხეველს და იქ იჯდა ხოლმე ხშირად და ესაუბრებოდა ყველას კეთილად, თუმცა მახსენდება ორიოდე შემთხვევა მასთან დაკავშირებით.
ერთხელ საღამოს ლოცვის დროს ზეთის ცხებაზე მასთან რომ მივედი ზეთი ყელზეც მაცხო და ჩაღიმებით მითხრა ,,გიჭერს შვილო ეს ჰალსტუხი, მოუშვი ცოტა ნასკვიო” მეც ღიმილით ვუპასუხე ,,შეჩვეული ვარ თქო” მსახურება რომ დასრულდა ხატები აკურთხა, მეც ვაკურთხებინე და მერე ისევ მე მომიბრუნდა ,,ბაყაყი ცივ წყალში რომ ჩასვა და წყალს ტემპერატურა მოუმატო, ნელნელა შეეჩვევა და ვერც მიხვდება ისე მოიხარშება, ხო და ამ ნასკვის მოჭერას კი ხარ შეჩვეული, მაგრამ მაინც გირჩევ ცოტა მოუშვაო”.
ხოლო ერთხელ ჩემს მეგობარ გერმანელ ფოტოგრაფს სურდა გადაეღო ნეველის ტაძარი (ჩამოვიდა საქართელოს ტაძრების გადასაღებად), წავიყვანე შევედით და მამა ანტონი იწყებდა საღამოს მსახურებას, მას გამოვთხოვე ლოცვაკურთხევა გადაღების უფლება რომ დაერთო ჩემი მეგობრისთვის, კმევის დროს ჩემამდე რომ მოვიდა მითხრა ,,მსახურება გადაიღოს, კმევა, ფოტოზე კარგად გამოვაო”. ვუთხარი გერმანული ასე კარგად არ ვიცი, მაგრამ შევეცდები თქო, საკურთეველში რომ შევიდა ცოტახანში დიაკვანი გამოვიდა ჩემთან ,,მამა ანტონმა გამომგზავნა, მე გერმანული კარგად ვიციო” და მან აუხსნა ჩემს მეგობარს რა რჩევასაც აძლევდა მოძღვარი…
ასე 4 წლის რომ ვიყავი ჩემს თანატოლ ნათესავს ტვერელის ტაძარში ჯვარი აჩუქა, მერე მეც შემნიშნა ტვერელის ტაძარში, გაჩერდა, ვა კიდევ ყოფილა ბავშვიო, ცოტახანში მობრუნდა სამაჯური მოიტანა, რომელშიც ფსალმუნი იყო ჩაქსოვილი, აბა პირჯვარი გადაიწერეო, გადავიწერე, ოხ ყოფილხარ შენ საჩუქრის ღირსიო და მომაწოდა სამაჯური, ზუსტად მომერგო ,,ეე ამისთვის ყოფილა, ისეთი პატარა სამაჯურია სხვას არ მოერგებოდაო“, შევახსენე 5 წლის წინ ეს ამბავი, ვერ გაიხსენა მაგრამ ,,კი იქნებოდა ეგრე, მიყვარდა ყოველთვის ბავშვებიო”. უყვარდა კანფეტი და სქემ-არქიმანდრიტ ვიტალის საფლავთან პანაშვიდს რომ გადაიხდიდა ,,აიღეთ თითო კამფეტიო” თუ არ აიღებდი თვითონ მოგაწვდიდა…
საუკნოდ იყოს ხსენება ახლადშესვენებული არქიმანდრიტი ანტონისა, კარგის მეტი არაფერი უკეთებია, ემსახურა ღმერთს და ხალხს 56 წლის მანძილზე, დაჯილდოვებული იყო საქართელოს საპატრიარქოს, წმინდა ნინოს სახელობის ოქროს ორდენით, პატივსცემდა და უყვარდა ყველას განურჩევლად ასაკისა.
უფალმა შეუწიროს მისი მსახურება და დაამკვიდროს მისი სული სასუფეველში.
მოიხსენიეთ ლოცვებში ახლადშესვენებული არქიმანდრიტი ანტონი,“ – წერს ბესიკ გამყრელიძე.
82 წლის ასაკში, ხანგრძლივი უძლურიების შემდეგ ღვთივშეისვენა, საქართველოს ეკლესიის ერთერთმა უხუცესმა მღვდელმსახურმა,…
Posted by Besik Gamkrelidze on შაბათი, 06 თებერვალი, 2021