ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების სამინისტრო თბილისის 24-ე სკოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

განათლების სამინისტრო თბილისის 24-ე სკოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

აღნიშნული უწყება სკოლის დირექციას მოუწოდებს, დირექტორის მოადგილის ქმედება განიხილოს.

ამასთან, მათივე ცნობით, სამინისტრო სკოლის დირექციას მოუწოდებს, სკოლის დირექტორის მოადგილის ქმედება სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად განიხილოს და ამის შემდეგ მოახდინოს რეაგირება.

„გვსურს დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ სკოლებში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია და ყველაფერს ვაკეთებთ ამის უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება 15 თებერვლიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას – სასწავლო პროცესი წარიმართება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით. გარდა ამისა, მოსწავლეების მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. დამატებითი დისტანციური გაკვეთილების ჩატარების შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასწავლებლები შესაბამის დანამატს მიიღებენ. რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში კი გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვებით. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს“, – აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ,  „ტვ პირველის“ ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ კოვიდაფეთქებას გამიზნულად მოაწყობს, რათა დისტანციურ სწავლებას ისევ დაუბრუნდნენ.

იტვირთბა....