ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, რომ 2022 წლის გაზაფხულზე არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდეს, ეხმიანება.
როგორც ხუხაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ის ამ ინიციატივას მიესალმება, თუმცა მიაჩნია, რომ ხელისუფლება ამ წინადადებას არ დათანხმდება.
ხუხაშვილის თქმით, ის ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის წარმომადგენლების გამოხმაურებას ელოდება.
“მივესალმები, თუ ასეთი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ სკეპტიკურად ვუყურებ და ველოდები კობახიძისა და მდინარაძის აგდებულ კომენტარებს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ ეს არის “წითელი ხაზი”, რომელსაც ისინი არ გადაკვეთენ.
ეს ინიციატივა მან ადრეც გაახმოვანა და მე ორივე ხელით მივესალმები. ჩვენ პოლიტიკურმა ელიტამ უნდა იფიქროს სახელმწიფო ინტერესებზე. ამ ტიპის პოლიტიკური ჩიხი, რაშიც ახლა ვართ, საშუალოვადიან პერსპექტივაში სერიოზული რისკების შემცველია. ხელისუფლება შეიძლება ფიქრობს, რომ ამ წუთას პრობლემა არ აქვს, მაგრამ პრობლემის ფორმირება აუცილებლად მოხდება და ჩვენ მაღალი სახელმწიფოებრივი ფასის გადახდა მოგვიწევს”,- განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, “ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ ყველაზე რეალისტური გამოსავალია ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე – ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკო-ს ახალი შემადგენლობით.