საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში დღეს განახლდება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე საბოლოო განაჩენის გამოტანას ელოდება.
ზაზა გახელაძის ბოლო ე.წ. სასამართლო პროცესი 28 იანვარს გაიმართა. ე.წ. სასამართლო პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
ერთ-ერთ სხდომაზე სასამართლომ რუსი ოკუპანტების საპატრულო ჯგუფის წარმომადგენლის ჩვენება მოისმინა – რუსმა მესაზღვრემ განაცხადა, რომ დაკავებამდე ზაზა გახელაძემ თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა,მაგრამ მათთვის დამიზნებით არ უსვრია, ამის შემდეგ კი ის ერთი გასროლით ტერფში დაჭრეს.
ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა.