თბილისის იუსტიციის სახლთან რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა საჯარო რეესტს მოუწოდეს, ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტობა აღუდგინოს.
მათი განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და აბუსერიძის რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევა კანონიერად მოხდა.
აბუსერიძის მხარდამჭერი, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი აცხადებენ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებში ხელისუფლების წარმომადგენლები ერევიან.
“ხელები შორს რაგბისგან. მთავრობის წევრები, რომლებიც იქით მხარეს არიან და სიტუაციას რევენ გონს უნდა მოეგონ. გია კობახიძე – ირაკლი კობახიძის მამა, გივი ჭიჭინაძე… თავად გამგეობაში არიან ადამიანები, რომლებიც მთავრობის წევრებს წარმოადგენენ. რაგბის ავტონომიაში არავინ უნდა ჩაერიოს, მით უმეტეს მთავრობის წევრები”, – აცხადებს ხარაზიშვილი.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრი აბუსერიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 5 დღის ვადაში გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, 2020 წლის 30 დეკემბერს რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ მას პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ უჩივლა, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრმა აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერა. საჯარო რეესტრმა აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დამტკიცებაზე უარი უთხრა. აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ უჩივლა ის ამბობს, რომ რაგბის კავშირის არჩევნები არასწორად ჩატარდა და აუცილებელია, ხელახალი არჩევნების ჩატარება.