მაკო გომური, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, დარბევის დროს თვალი დაკარგა, სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს.
გომური დღევანდელ პოსტში ამბობს, რომ გუშინდელი განცხადების შემდეგ მას ბევრი ადამიანი დაუკავშირდა.
,,ხშირად, ხშირად უნდა გავახსენოთ ხელისუფლებას მათი მოვალეობები.
დღეს შუადღეს დამირეკეს, ვწუხვართ აქამდე რომ ეს ამბავი არ ვიცოდით, მარსიდან ახლახანს ჩამოვფრინდითო.
ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ფინანსურად გადაწყვიტა დახმარება.
მეგობრებო, ზუსტად ვიცი ნებისმიერ დროს, თუ დამჭირდება, აქ ხართ.
მაგრამ აქ თანხის შეგროვებაზე არ დგას საკითხი.
სახელმწიფო არის ვალდებული რომ ეს ქნას, განაგრძოს მკურნალობის ორგანიზება. დააშავა? მიხედოს. ესაა და ეს.
პრინციპის საკითხია, რომ არ მივცე საშუალება ფეხებზე დაიკიდოს მისი მოქალაქეები.
ასე ჩემთან გაუვათ, გიოსთან, დავითთან და მერე საერთოდ ისიც დაავიწყდებათ, რომ ჩვენ უნდა გვემსახურონ და არა პირიქით.მადლობა, მართლა მადლობა.
ჰოდა ცქიტიშვილს უთხარით ეს დახმარების პროგრამა არაა, ეს არის დაკისრებული მოვალეობის და პასუხისმგებლობის შესრულება.”, – წერს მაკო გომური სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ, მაკო გომურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ სამკურნალოდ გამგზავრებას ვეღარ ახერხებს, რადგან არჩევნების შემდეგ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია გართულდა.
მაკო გომურის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილიდა თბილისის მერი კახა კალაძე.