პარტია “მოქალაქეები” მისმა წევრებმა გენრი დოლიძემ, მირიან მერცხალაძემ, გიორგი გაბაიძემ და გუჯა ხაბაძემ პარტია დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენრი დოლიძე Facebook-ზე ავრცელებს.
დოლიძე წერს, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიის ლიდერების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლას უკავშირდება.
“სხვანაირად ვხედავ საერთო მიზნისკენ სავალ გზას”, – დაწერა დოლიძემ, – “თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ალეკოს და ლევანის უანგარობასა და პატრიოტიზმში არასოდეს შემპარვია ეჭვი….შეგნებულად წავიდნენ მსხვერპლზე იმიტომ, რომ ასე სწამთ!”.
დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას დროებით წყვეტს და სამოქალაქო აქტივიზმში აპირებს დაბრუნებას.
“წარმატებები ჩემს, აწ უკვე ყოფილ პარტიას, და მადლობა უშუალოდ ჩემს გუნდს ერთსულოვნებისთვის, ერთგულებისთვის”, – წერს დოლიძე იმ სამ თანაპარტიელზე, რომელმაც პარტია მასთან ერთად დატოვა.
ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში ბოლო შეხვედრა 29 იანვარს გამართეს. მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, შედეგად “მოქალაქეები” პარლამენტში შევიდნენ. პარტიის ლიდერები პარლამენტის საქმიანობაში ოფიაიცლაურად 2 თებერვლიდან ჩაერთვნენ.