“ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები” – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა ბელგრადში, მინისტერიალში მონაწილეობისას.
მისი თქმით, კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ მოსახლეობას არ აქვს საშუალება განახორციელოს საკუთარი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური უფლებები და ისინი მოკლებული არიან თავისუფლად გადაადგილების, კერძო საკუთრებისა და რაც მთავარია მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებას.
როგორც ირკვევა გალის რაიონის რამდენიმე სკოლაში ქართულ ენაზე სწავლება აკრძალულია და ჩანაცვლებულია რუსული ენით.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია სტრატეგია, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორის, ასევე აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება.