“ქართული ოცნება” არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის და ოპოზიცუას კომისიაში ჩართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
კუჭავას განცხადებით, დროებით საგამოძიებო კომისია ყველა ნიუანს გამოიძიებს და ყველაფერი დეტალურად იქნება შესწავლილი, თუმცა დეპუტატი გამორიცხავს, რომ დაფიქსირებული შედეგებიდან გადახრა გამორიცხულია.
“არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წარმოებული უსაფუძვლო პროპაგანდის პასუხად, ჩვენ განვაცხადეთ, რომ პარლამენტი შექმნიდა დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც შეისწავლიდა 2020 წლის არჩევნებს და ყველა ბრალდებას, ყველა შესაძლო კითხვას დამატებით გაეცემოდა სამართლებრივი, მტკიცებულებებით გამყარებული პასუხი.
შესაბამისად, დღეს ჩვენ გამოვდივართ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, რათა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ლეგიტიმურად ცნობილი, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და ყველა შესაბამისი ნიუანსი კიდევ ერთხელ დეტალურად იქნას შესწავლილი უკვე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ.
დროებითი საგამოძიებო კომისია ყველა დაინტერესებული სუბიექტის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების, პოლიტიკური პარტიებისა თუ შესაბამისი ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით, არჩევნების სრულფასოვან შეფასებას უზრუნველყოფს სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ დაფიქსირებული შედეგებიდან გადახრა გამორიცხულია.
საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ჩვენ, ოპოზიციას შევთავაზეთ უბნების გადათვლა, საარჩევნო უბნებში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერის გამოყენება და საჯარო დებატები ამ თემაზე, თუმცა სამივე შეთავაზებაზე უარი მივიღეთ და მათი მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე შეტევისა და შეურაცხყოფის კამპანია, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედებები ვიხილეთ,”- განაცხადა კუჭავამ.
შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად განაცხადა, რომ თუკი დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, „ქართული ოცნება“ მზად არის, რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადოს.