ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბრძანებას დღეს მოეწერება ხელი” – რაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ უკვე მიიღო თანხმობა COVAX პლატფორმიდან, რომ ქვეყანაში თებერვლის მეორე ნახევარში შემოვა 29 250 დოზა ვაქცინა, რომლითაც სამედიცინო სფეროს 14 000-მდე წარმომადგენელი აიცრება. როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჰოსპიტლებში.

„სპეციალური პორტალია გახსნილი, უკვე მიმდინარეობს ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მუშაკების მონაცემების ატვირთვა და თვითონ ის დაწესებულებები აფასებენ რისკ ფაქტორს – მაღალი რისკის, საშუალო და დაბალი რისკის ადამიანები. ხშირად ეშლებათ ხოლმე, ეს არ ეხება მხოლოდ ექიმებს. ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, დამხმარე პერსონალი, ყველა იტვირთება. ასეთი არის ქვეყანაში 75 000 ადამიანი. აქედან ჩვენი სამიზნე არის, წელს ავცრათ სადღაც 49 000.

მოგეხსენებათ, ჩემი კოლეგების 7 პროცენტამდე არის ინფიცირებული. ალბათ იმუნიზაციის ბრძანებას დღეს მოეწერება მინისტრისგან ხელი, სადაც აღნიშნულია, რომ ვისაც გადატანილი აქვს, მათ შორის მეც, გადატანიდან სამი თვის შემდეგ ავიცრათ, ანუ სამი თვის განმავლობაში, ეს ხალხი არ აიცრება. ინფექციის გადატანა, აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის, მაგრამ რეკომენდაციას ვაძლევთ, ინფექციის გადატანიდან 3 თვის შემდეგ აცრას. აქედან გამომდინარე, ეს 15 000 დოზა, რასაც ამბობთ, 15 000 ადამიანს ვერ მოიცავს სრულად. ამიტომ, მეორე ჯერზე რაც შემოვა – ასტრაზენეკა, ალბათ მარტის პირველი ნახევრისთვის, მარტის განმავლობაში, უფრო სოლიდური დოზები იქნება – მოიცავს სადღაც 180 000-დან 300 000-მდე და იქაც პირველი, იქნება სამედიცინო პერსონალი.

საქართველოში შერჩეულია 10 ჰოსპიტალი და კიდევ 5 სარეზერვო ჰოსპიტალი. აქედან თბილისშია 5, თუ 6 და ორ-ორი ქუთაისსა და ბათუმში. რატომ ამ სამ ქალაქში? იმიტომ, რომ „ფაიზერს“ შესანახად სჭირდება მინიუს 70-80 გრადუსი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აქვს -80 გრადუსიანი მაცივრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ვაქცინები შემოსვლის შემდეგ დასაწყობდება ამ სამ ქალაქში გარკვეული პროპორციით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....