ლეგენდარული მომღერლის თემურ წიკლაურის მეგობარი, თინა ნაცვლიშვილი “ამბები.გი”-ისთან საოცარი ისტორიას იხსენებს.
“თემურ წიკლაური ძმად მყავდა მიღებული. ეს არ იყო უბრალო მეგობრობა, ოჯახებით ვიყავით დაკავშირებული. ლილი ზღვაური, თემურის მეუღლე, “ივერიის” მერე რომანსებით იყო გატაცებული და მისი აკომპანიატორი გახლდით, ამიტომ ხშირად მივდიოდი მათთან სარეპეტიციოდ. თემური დაგვიჯდებოდა და გვისმენდა. გვაცინებდა, ხუმრობდა…
ერთი ამბავი კი მართლა საოცრება იყო: 2 წლის წინ, ოქტომბერში, ჩემი გარდაცვლილი გოგონა და თემურის გიორგი დამესიზმრნენ, შუამთის მონასტრის ეზოში იდგნენ. მარიამმა მთხოვა – ბრინჯი, ვაშლი და შაქარი ამოიტანეთ დედაოებთანო. გავახილე თვალები, ვერ ვიჯერებდი, ის სიზმარი იყო თუ არა. ლილისთან დავრეკე, თემური ბათუმში იყო, რომ გაიგო, მაშინვე წამოვიდა.
მეორე დღესვე საბარგული დავტვირთეთ და წავედით. თბილისს რომ გავცდით, ისეთი ნისლი იყო, რომ თემურმა დააპირა არა გომბორის მხრიდან, არამედ გურჯაანზე მოევლო, მაგრამ მერე თქვა, უფალი გვცდის ალბათო. გომბორის უღელტეხილზე ავედით თუ არა, საოცრება მოხდა, გაქრა ნისლი და მოწმენდილ ცაზე მზემ გამოიხედა. თემურმა პირჯვარი გადაიწერა – უფალმა გვისმინაო.
კარგა ხანს ვისხედით მონასტრის ეზოში, ვსაუბრობდით. მერე ჩუმად მკითხა: სიზმარში რომ ნახე, სად იჯდა ჩემი ბიჭიო? ვუჩვენე ის ადგილი, ნანგრევივით რომ იყო. მერე მივიდა და ცოტა ხანს დაფიქრებული დასცქეროდა იმ ნანგრევს… ახლა კი წავა თავის უდროოდ წასულ ვაჟთან და ჩაეხუტება…”, – ჰყვება გამოცემასთან თემურ წიკლაურის მეგობარი.