ახალი ამბები მთავარი სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის, დაარღვია თუ არა კანონი წულუკიანმა გვარამიას ნომრის გასაჯაროვებით

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ის უმრავლესობის წევრის, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროვების ფაქტს შეისწავლის.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყება შეისწავლის, დაარღვია თუ არა პერსონალურ მონაცემთა კანონი ქართული ოცნების დეპუტატმა, თეა წულუკიანმა, როცა პლენარულ სხდომაზე “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გამოაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის, იყო თუ არა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის დამუშავებისას სახეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გასაჯაროების საფუძველი და შეესაბამება თუ არა აღნიშნული მონაცემის ასეთი ფორმით არსებობა და გამჟღავნება კანონს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი პირი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს სხვისი პერსონალური მონაცემების დაცვას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე მონაცემთა ფართო წრისთვის გასაჯაროებას ეხება”, – ნათქვამია ინსპექტორის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღევანდელ პენარულ სხდომაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გამოაცხადა. ის ამით ალეკო ელისაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც მისი ნომერი კიდევ ერთხელ გაასაჯაროვა და თქვა, რომ მოქალაქეებს ახალ უკვე პარლამენტარის რანგში უპასუხებს.

წულუკიანმა ელისაშვილს უთხარა, რომ თავადაც სურდა ნომრის გამოცხადება, თუმცა, სანაცვლოდ, გვარამიას ნომერი გამოაცხადა და ელისაშვილს მოუწოდა, პარლამენტში გამოსვლის ტექსტები მასთან შეეთანხმებინა.

იტვირთბა....