ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიციური პარტია „ოცნების“ და “მოქალაქეების” მემორანდუმს უერთდება

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარლამენტის უმრავლესობასა და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გასულ კვირას, 29 იანვარს, გაფორმებულ მემორანდუმს  უერთდება, რომელიც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებისა და მიღების ვალდებულებას შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მემორანდუმს პარტიის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ დღეს მოაწერა ხელი.

„ევროპელი სოციალისტებისთვის“, როგორც პარლამენტის ოპოზიციური სუბიექტისთვის, მნიშვნელოვანია კონსტრუქციული თანამშრომლობა საპარლამენტო უმრავლესობასთან საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწისა და გაჯანსაღების კუთხით. მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და მომავალი არჩევნების მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოში ჩატარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, „ქართულმა ოცნებამ“ და „მოქალაქეებმა“ 29 იანვარს მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

იტვირთბა....