„ლელომ“ შესაძლოა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს და პარლამენტში შევიდეს, თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს ჩატარდება. პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ინიციატივა უშუალოდ მის პარტიას ეკუთვნის, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის აზრით არჩევნები წელსვე, შემოდგომით უნდა ჩატარდეს.
„თქვენ იცით, რომ „ლელომ“ ერთ-ერთ ვარიანტად არჩევნების სრულად პროპორციული წესით 2022 წელს ჩატარება დაასახელა? ეს იქნებოდა საუკეთესო კომპრომისი ქვეყნის მძიმე კრიზისიდან გამოყვანისთვის. ჩემი აზრით, საინტერესო წინადადებაა და საფუძვლიან განხილვას იმსახურებს. რადგან წელს ადგილობრივი არჩევნებია, უმჯობესი იქნება, თუ მომავალ წელს სერბული მოდელით, სრულად პროპორციული არჩევნები ჩატარდება.
ოპოზიციაში ერთი აზრია იმის თაობაზე, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს. ზოგიერთის აზრით, შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. ბუნებრივია ჩვენც ამას ვითხოვთ, მაგრამ ორი არჩევნების ერთად ჩატარება ალბათ, მძიმე იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება ყველაზე უპრიანი 2022 წლის გაზაფხულისთვის იქნება. ამ საკითხს სხვა ოპოზიციური პარტიებიც უთუოდ გულისყურით განიხილავენ“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.