“13 წელი ეს მე ვერ ვქენი – ვერ ვათქმევინე სიმართლე, ვერც გამოძიებამ ათქმევინა, მან კი პირდაპირ ეთერში თქვა – ეს ტერიტორიები ჩვენი არ არის და რას ვედავებითო. წარმოგიდგენიათ?!” – ამის შესახებ დავით გარეჯის მღვდელმსახური, ბერ-მონაზონი კირიონი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ამბობს.
ამასთან, როგორც ბერ-მონაზონი გამომცემლობასთან დასძენს, ივერი მელაშვილის უპირველესი მოვალეობა იყო, რომ დიპლომატიურ მაგიდასთან ქვეყნის ინტერესები დაეცვა.
„მას ჩემს ხსენებაზე ტანში ჟრუანტელი უვლის და იცით რატომ? იმიტომ, რომ მათ დანაშაულს მე წავასწარი და ვამხილე. მთელი ჟურნალისტთა კორპუსი მეუბნებოდა ამ ხნის მანძილზე, მამა კირიონ, ამ კაცს, რაც არ უქნია იმას რატომ აბრალებთ, ივერი მელაშვილს არსად უთქვამს ეს მონასტრები საქართველოსი არ არის, ეს ხომ ცილისწამებააო… ვპასუხობდი, ამ კაცის ქმედებების მიზნობრიობას ამ შედეგებამდე მივყავდით-მეთქი, ციხიდან გამოსული მელაშვილის განცხადება კი ჩემთვის იყო განგების, ღვთის წყალობა.
ციხიდან გამოსულმა, რომელსაც ტაშით შეხვდნენ და გმირად შერაცხეს, საოცარი რამ გააკეთა. 13 წელი ეს მე ვერ ვქენი – ვერ ვათქმევინე სიმართლე, ვერც გამოძიებამ ათქმევინა, მან კი პირდაპირ ეთერში თქვა – ეს ტერიტორიები ჩვენი არ არის და რას ვედავებითო. წარმოგიდგენიათ?! ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელი და სადავოა და ჩვენი არ არისო თქვა ადამიანმა, რომელიც 25 წელი ამ პროცესის მმართველი იყო. მისი უპირველესი მოვალეობა იყო დიპლომატიურ მაგიდასთან ქვეყნის ინტერესები დაეცვა. მას თავისი ქვეყნისთვის უნდა წამოეღო, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია და ამის ნაცვლად, ტერიტორიაზე, რომელიც იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით ჩვენია, გვეუბნება ჩვენი არ არისო! მან უკვე მისცა აღიარებითი ჩვენება“, – ამბობს ბერი კირიონი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
ცნობისთვის, 28 იანვარს მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.