ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ თბილისსა და ქუთაისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება ოთხ პროცენტს, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დასტაბილურდება, მთავრობა გარკვეული შეზღუდვების მოხსნაზე მსჯელობას დაიწყებს.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, მობილობის გაზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა რეგულაციები დაიცვან და პირბადეები ატარონ, რადგან ეს პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
“დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ქვემოთ სტაბილურად უნდა იყოს შენარჩუნებული, თუ ჩვენ ვნახავთ, რომ თბილისსა და ქუთაისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება ოთხ პროცენტს და ერთი კვირა იქნება სტაბილურად, იქნება იმის საშუალება, რომ ვიმსჯელოთ გარკვეულ შემსუბუქებაზე. რაც შეეხება დღეს განხორცილებულ შემსუბუქებას, რისკები ყოველთვის არის, რადგან მობილობა პირდაპირ უკავშირდება ინფექციის გავრცელების სტიმულირებას. ამ შემთხვევაში მთავარია, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და ნიღაბი. კარგია, რომ ნიღბის მოხმარების მაჩვენებელი 70 პროცენტზე მაღალი გვაქვს, თუმცა იმისთვის, რომ შეზღუდვებისგან დავიცვათ თავი, 95 პროცენტი არის, რასაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს. რაც მთავარია რიგ ქალაქებში გველევა საშუალება სკოლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გააქტიურების. მთავარია, პირად დონეზე მოვახერხოთ ამ რეკომენდაციების დაცვა, რათა აღარ მოგვიხდეს თავიდან შეზღუდვების ეტაპზე დაბრუნება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.