ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ვინ და რატომ ცდილობს პროკურორების კაბინეტებში რეალობის პოვნას?

სად უნდა დაიკითხოს მოწმე, პროკურატურაში თუ სასამართლოზე…

მოწმეთა დაკითხვის შესახებ არსებულ წესში 2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში ცვლილება შევა, რომლის მიხედვითაც, მოწმეების დაკითხვა  პირდაპირ სასამართლოს მიერ მოხდება. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შემდეგი შეფასება გააკეთა:

“ის წესი, რომელიც უნდა ამოქმედდეს 1 იანვარს, თუ ამოქმედდება, ჩვენ საზოგადოებას ვეღარ დავიცავთ დანაშაულისგან. დღეს სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა არ არის მზად იმისთვის, რომ 1 იანვარს მთლიანად გაუქმდეს საგამოძიებო ორგანოში მოწმის დაკითხვის ინსტიტუტი და მხოლოდ სასამართლოში შეიძლებოდეს მოწმის დაკითხვა. ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ შემოვიდეს სრულიად გაუაზრებელი, სხვა ქვეყნის სისტემიდან ბრმად გადმოღებული წესი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს ხელს შეუშლის დანაშაულთან ბრძოლაში”.

“მეტრონომი” დაუკავშირდა იურისტებს და პოლიტიკოსს უმრავლესობიდან, რომლებმაც შეაფასეს მინისტრის ეს განცხადება.

გელა ნიკოლაიშვილი (ადვოკატი): მე მგონი მინისტრმა თავად ახსნა თუ რატომ არის წინააღმდეგი. ამ კანონის მიღებით  მოწმე ვალდებული აღარ ხდება გამოძიებასთან ითანამშრომლოს. ქვეყანაში დამკვიდრებული მენტალიტეტიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით მოწმედ ყოფნა არავის უნდა, გამოძიებას მოქმედება და საქმეების გახსნა გაუჭირდება. ამიტომ მოწმეთა დაკითხვა სავალდებულო უნდა იყოს.

ოთო კახიძე (იურისტი) : მოწმეების დაკითხვა გამომძიებლების და პროკურორების კაბინეტებში რეალობას და ფაქტობრივ მონაცემებს საქმის ირგვლივ არ ასახავს. დაცვის მხარეც შეზღუდულია, რომ   მოწმეს კითხვები დაუსვას, როცა ის გამომძიებლის კაბინეტში იკითხება. შესაბამისად, იმისთვის რომ მხარეები  შეჯიბრებით მდგომარეობაში იყვნენ, ისევე როგორც ეს ხდება მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოწმისთვის ჩვენების მიცემა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და მოწმის დაკითხვა სასამართლოს წინაშე უნდა შეიძლებოდეს. ამ შემთხვევაში ჩვენი კანონი მაგისტრანტ მონაწილეს, ამერიკული კანონმდებლობა კი  ნაფიც მსაჯულთა გაფართოებულ შემადგენლობას ითვალისწინებს, რომ გამოირიცხოს კაბინეტებში მოწმეთა ზეწოლა და გამოძიებისთვის სასურველი და არა რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ჩვენების  მიღება.

ახალი  კანონისთვის პირველ რიგში საგამოძიებო კორპუსი და პროკურატურა უნდა მოემზადოს, რომლებმაც უნდა იმუშაონ მოწმეებთან და დაარწმუნონ ისინი, რომ მისცენ გამოძიებას ინფორმაცია. არცერთ ქვეყანაში მოწმედ ყოფნა და ჩვენების მიცემა არავის ეხალისება. ამიტომ ეს არ არის ქართველის უნიკალური თვისება. საზოგადოებრივი ცნობიერება ასამაღლებელია და ამისთვის საინფორმაციო კამპანიის წარმოებაა საჭირო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადება სამართლებრივ ინსტიტუტებს გვერდში ედგას. ვინაიდან პოლიცია რეალურად საზოგადოების უსაფრთხოებას იცავს და თუ საზოგადოებამ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, ბუნებრივია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი გახდება. ეს ყველაფერი გასაკეთებელია და ძალიან სამწუხარო გახლავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. სამწუხაროა ისიც, რომ ამ მექანიზმს, რომელიც შეჯიბრების პროცესის წინააღმდეგია, პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების წინააღმდეგ აქტიურად იყენებენ.

გია ვოლსკი (ქართული ოცნება): ვფიქრობ, რომ ეს ცოტა უფრო ფართო საკითხია. თავისთავად, მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება მნიშვნელოვანია, მაგრამ ვართ კი ამ დონეზე? მოსამართლეები, პროკურორები თუ არიან მომზადებულნი და საერთოდ, სისტემა თუ არის ამისთვის მზად? რამდენად მზად არის სასამართლო და რა დრო სჭირდება? ამაზე უფრო დაწვრილებით, მე მგონი, ექსპერტებმა უნდა ისაუბრონ. საბოლოო მიზანი პრინციპში ეს უნდა იყოს. ეს არის ჩვენი გზა, მაფრამ ამ ეტაპზე რამდენად შეესაბამება ჩვენი მზაობა ამ პროგრესული სისტემის რეალიზაციას, რამდენად ჩამოყალიბებულია და რა დრო დასჭირდება კიდევ, ეს არის მთავარი თემა, რომელზეც ჟურნალსტებმა და ექსპერტებმა უნდა ისაუბრონ.

მანა ნოდია

იტვირთბა....