“შურისძიების, თუ ძალაუფლების ჟინით დაბრმავებული ჩვენი ოპონენტები დაჟინებით და ხელაღებით უმტკიცებენ ქართულ საზოგადოებას, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის…” – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან სარჯველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ამ მავნებლურ პროპაგანდაში ბრალი “ენმ”-სა და მისი სრული გავლენის ქვეშ მოქმედ სხვა პოლიტიკურ პარტიებს” დასდო.
“მინდა გამოვეხმაურო საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან და სენსიტიურ საკითხს – დავითგარეჯის საქმეს, მის გარშემო განვითარებულ პოლიტიკურ სპეკულაციებს და მოვლენებს. პირველ რიგში, დარწმუნებული ვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებაც აქტიურად გაგრძელდება, საკითხის გარეშემო არცერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი და დამოუკიდებელი სასამართლო საბოლოო და ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს ყველა პირთან მიმართებაში, ვისაც შეიძლება რაიმე ბრალი მიუძღოდეს ამ მძიმე საქმეში. თუმცა, ვიდრე ეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე დასასრულამდე მივა, ჩვენ, ისევე როგორც მთლიანად საზოგადოება, საკუთარი თვალით ვხედავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც შურისძიების, თუ ძალაუფლების ჟინით დაბრმავებული ჩვენი ოპონენტები დაჟინებით და ხელაღებით უმტკიცებენ ქართულ საზოგადოებას, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის…
“ჩვენს თვალწინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მისი სრული გავლენის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური პარტიები, საკუთარი ქვეყნის უზენაესი ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო დაცვის ნაცვლად, მავნებლური პროპაგანდის გამოყენებით, გამორჩეული ხალისით, მონდომებითა და მიზანდასახულობით ებრძვიან თავიანთ სამშობლოსა და ისტორიას, რათა ჩამოაყალიბონ ხალხის, როგორც ხელისუფლების ძირითადი წყაროს, იმგვარი პოლიტიკური ნება, რომელიც როგორმე ბოლომდე მიიყვანს საქართველოს კუთვნილი, ძირძველი მიწების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის წლების წინ ჩაფიქრებულ გეგმას. თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მათი დაჟინებული მცდელობების მიუხედავად, მმართველი პარტია არავის მისცემს ამ მოღალატეობრივი განზრახვის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას”. – განაცხადა სარჯველაძემ.