ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ალექსეი ნავალნის მეუღლე გაათავისუფლეს

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე დაკავებული პოლიტიკოსის მეუღლე გაათავისუფლებს. ამის შესახებ ინფორმაციას  Meduza ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, იულია ნავალნაიას ბრალი მიტინგების გამართვის წესების დარღვევის ფაქტზე წაუყენეს. სასამართლო მის საქმეს 1-ელ თებერვალს განიხილავს.

დღეს რუსეთში კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციები გაიმართა. სამართალდამცველებმა 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი, მათ შორის ნავალნის მეუღლე იულია და ათობით ჟურნალისტი დააკავეს. მომხდარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაგმო.

ცნობისათვის, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც საერთაშორისო გამოძიების თანახმად, ზაფხულში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, 17 იანვარს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, შერემეტიევოს აეროპორტშივე დააკავეს და 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები რუსეთის ქალაქებში გასულ კვირასაც გაიმართა და ასევე მასობრივი დაკავებებით დასრულდა. რუსეთის ხელისუფლება აქციებს არაკანონიერს უწოდებს. დაკავებულებს ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებენ.

იტვირთბა....