ხვალიდან, 1-ელი თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნება. ობიექტები დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე იმუშავებენ. ბიზნეს სექტორის მოთხოვნის მიუხედავად, მაღაზიები დახურული იქნება შაბათ-კვირას, სამუშაო კვირის დღეებში კი მაღაზიებს მკაცრი წესების დაცვა მოუწევთ. სავაჭრო ცენტრები უკვე არიან აქტიურ მზადებაში. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ იმ რეგულაციების დაცვას უკავშირდება, რომელსაც აკეთებს ჯანდაცვის სისტემა.
კარიდან, მაღაზიების შიდა სივრცის ჩათვლით, არის გათვალისწინებული მთელი რიგი მოთხოვნები, რაც პირველ რიგში დისტანციის კონტროლს, პირბადის სწორად ტარებას, თერმოსკრინინგს და ა.შ. ეხება. ერთადერთი განსხვავება წინა რეჟიმისგან, რაც იყო ახალი წლის დღეებში იქნება ის, რომ მომხმარებელი უფრო დიდი რაოდენობით დაიშვება სავაჭრო ცენტრებში. თუ 20 კვ.მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანის დაშვება იყო შესაძლებელი, ახლა 10 კვ.მეტრზე დაიშვება ერთი, რაც გააორმაგებს მომხმარებელთა რაოდენობას.