“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისას, სწრაფად შევძლებთ, ეტაპობრივად, ფრთხილად გავხსნათ ტურიზმის სექტორი,” – აღნიშნული განცხადება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა გააკეთა.
მისივე განმარტებით, ტურიზმი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორია და სამწუხაროდ, საქართველოც არ არის ამ კუთხით გამონაკლისი.
„1.3 ტრილიონი აშშ დოლარის შემოსავალი დაკარგა ზოგადად მსოფლიო ტურიზმმა. ამრიგად, დღეს ჩვენი ამოცანაა, ეფექტურად მოვახდინოთ ამ სფეროს მაქსიმალურად მოკლე ვადაში შეძლებისდაგვარად გახსნა. შესაბამისად, გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რაც თანმიმდევრული და სწორად გადადგმული ნაბიჯებით მიიღწევა. ეს გეგმა ერთი მხრივ გულისხმობს საერთაშორისო ვიზიტორების ქვეყანაში შემოსვლას. მოგეხსენებათ, ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილებაა მიღებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რაც გულისხმობს კოვიდვაქცინირებული პირების ქვეყანაში შემოსვლას და ასევე, გარკვეული ქვეყნებიდან უარყოფითი „პისიარ“ ტესტით შემოსვლას. ეს ნაბიჯი თავისთავად გულისხმობს ქვეყანაში უსაფრთხო მომსახურების შექმნას და ყველა სტანდარტის დაცვას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრული, რომ ეპიდემიოლოგიური დადებითი მაჩვენებელი შევინარჩუნოთ და ასევე, მომსახურეობა იყოს უსაფრთხო.
დადებითი მაჩვენებლის კარგი მაგალითია აჭარა, როდესაც უკვე შესაძლებელია იგივე კვების ობიექტების ღია სივრცეებში გახსნა. მოგეხსენებათ, დღეს ქვეყანაში ყველა ტურისტული ობიექტი მუშაობს, გარდა მთის კურორტებისა და სარესტორნო სფეროსი. ვიმედოვნებთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისას, ძალიან მალე შევძლებთ თანმიმდევრულად, ეტაპობრივად სექტორი გავხსნათ, ოღონდ ეს უნდა იყოს ძალიან ფრთხილად გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.