“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილის განცხადებით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლება “ქართული ოცნების” ვაჭრობის სედეგად მოხდა.
ინაშვილი კითხულობს, რატომ გაათავისუფლა სასამართლომ ივერი მელაშვილი, თუ მას სერიოზულ ბრალდებას ედავებიან.
ინაშვილის თქმით, ხელისუფლება მანდატებით ვაჭრობს, რადგან პარლამენტში მეტი ოპოზიციური პარტია იყოს წარმოდგენილი.
“არჩევნების გაყალბების შემდეგ ქართული ოცნება ციხიდან ათავისუფლებს მელაშვილს, რომელსაც პროკურატურის განცხადებით, რეალურად ჩადენილ დანაშაულში ედავებიან და რომელიც აცხადებს, რომ დავით გარეჯი საქართველო არაა. მთელ ამ სიტუაციას პოლიტიკური კონტექსტი ახლავს. რა დროს და რატომ მოხდა ამ ადამიანების გათავისუფლება, თუ ეს მძიმე დანაშაული ჩადენილია და ჩადენილია, როგორც პროკურატურა ამბობს, რატომ ათავისუფლებენ? აქ პოლიტიკური კონტექსტი ერთ-ერთი მთავარია.
ნათელია, რომ ქართული ოცნება ვაჭრობს. ქართული ოცნება და ვაჭრობა ერთმანეთის სინონიმები გახდა. ქართული ოცნება ვაჭრობს არჩევნებით, მანდატებით, დავითგარეჯის თემით და მზადაა, ნახევარი ქვეყანა დათმოს, ოღონდ ვინმე შეიტანოს გაყალბებული გზით ფორმირებულ არჩევნებში. ქართული ოცნება ვაჭრობს კოვიდით, ყოვლად უგუნური აკრძალვებით, რასაც ვეწინააღმდეგებით”. – ამბობს ირმა ინაშვილი.
ცნობისთვის, 28 იანვარს მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.